შინაარსზე გადასვლა

გურგენიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურგენიძეების გერბი

გურგენიძეებიკახეთის თავადების საგვარეულო. იოანე ბატონიშვილის მიხედვით საგვარეულოს წინაპარს — სოლომონს, აზნაურსა და „მორდლის შვილს“, თავადობა და გურგენიძეობა ძველ „შილდისან“ გურგენისძეთა ამოწყდომის შემდეგ მიუღია 1740-იან წლებში. მოღწეულია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე ბატონიშვილის გურგენიძეთადმი ბოძებული წყალობის სიგელი, რომელიც 1740 წლითაა დათარიღებული. სოლომონის შვილი — მორდალი გიორგი (გოგია) აღა-მაჰმად-ხანის თბილისზე ლაშქრობის დროს დაიღუპა 1795 წელს. გიორგი XII-ის მეფობაში მორდლობა და თელავის მოურავობა ჰქონდა ასევე გიორგის ძეს — იროდიონს. გურგენიძეების საგვარეულო თავადთა შორის ნაჩვენებია გეორგიევსკის ტრაქტატზე (1783) დართულ თავადაზნაურთა ნუსხაში და 1850 წლის 6 დეკემბრის საიმპერატორო დადგენილებაში. მამული შილდაში ჰქონდათ. თავადური შტოს მამრობითი ხაზი XIX საუკუნეში შეწყდა. ცნობილია გურგენიძეების საგვარეულო გერბის გამოსახულება, თუმცა ის ოფიციალურად დამტკიცებული არ ყოფილა.