გურამ ხიმშიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ ხიმშიაშვილი (დ. 1955) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ ხიმშიაშვილი (თურქული გვარ-სახელი მუსტაფა იაკუტი) 1955 წელს დაიბადა ქალაქ ინეგოლიდან ათიოდე კილომეტრით დაშორებულ დაბა იენიჯეს დაქვემდებარებაში შემავალ სოფელ ჩიფთლიქში, პუნდუხლის უბანში, სადაც ექვს წლამდე იზრდებოდა. გურამის მამა — მევლუდ ხიმშიაშვილი (დაიბადა 1928 წელს აჭარის სოფელ პურთოიდში) სამი თვის იყო, როდესაც საბჭოთა რეჟიმთან შეურიგებლობის გამო მამა იუნუს ნადი ხიმშიაშვილი თურქეთში გადაიხვეწა და ცოლ-შვილიც თან წაიყვანა. გურამ ხიმშიაშვილის დედა — მარიე დიასამიძე 1930 წელს დაბადებულა ინეგელოს რაიონის სოფელ მეზითში სასულიერო პირის – აქიფ დიასამიძის (ოზშენი) ოჯახში.

გურამ ხიმშიაშვილის მშობლებს 4 გოგონა და ორი ვაჟი ჰყავდათ. მათი მრავალსულიანი ოჯახი მწირშემოსავლიანი და კონსერვატიული იყო. გურამის ბავშვობაში ჩიფთლიქში ჯერ კიდევ არ არსებობდა თურქული სკოლა და მოსახლეობა ერთმანეთში მხოლოდ ქართულად საუბრობდა. აქედან გამომდინარე გურამ ხიმშიაშვილმა თურქულის შესწავლა ფაქტობრივად ექვსი წლის ასაკში, სკოლაში შესვლის პერიოდიდან, დაიწყო. ინეგოლის პირველდაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, თერთმეტი წლის ასაკში წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და საქარიის რაიონის დაბა არიფიეს სკოლა-ინტერნატში უფასოდ სწავლის უფლება მოიპოვა.

1972 წელს, არიფიეს სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ, გურამ ხიმშიაშვილი მასწავლებლად მუშაობდა ანატოლიაში, კონიის მხარის ადმინისტრაციული ცნეტრის, ბოზქირის რაიონის სოფელ ქაიაფინარში. 1974 წელს იგი ჩაირიცხა ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის სპეციალობაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვლავ განაგრძოს პედაგოგიური საქმიანობა და 1984 წლამდე ჯერ ბურსაში მუშაობდა მასწავლებლად, შემდეგ სტამბოლში. 1984 წელს სამუშაოდ გადავიდა თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციაში და 2012 წლამდე, პენსიაში გასვლამდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უხდებოდა იზმითის, სტამბოლის, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ნავსადგურებში.

გურამ ხიმშიაშვილის მეუღლის — ფატმა ჩეთინქაიას (ფატი ხიმშიაშვილი) წინაპრები ხულოს რაიონის სოფელ ნიგაზეულიდან 1900-იან წლებში გადასახლებულან თურქეთში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გურამიც და ფატიც სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები არიან. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.

1974 წელს გურამ ხიმშიაშვილმა ახმედ მელაშვილი გაიცნო და მალევე დაუმეგობრდა. ამ დროიდან იწყება მისი დაახლოება ქართულ სამყაროსთან, აქტიური კულტურულ-საორგანიზაციო მოღვაწეობა და ქართველთა ასიმილაციის წინააღმდეგ ბრძოლა. თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის ახმედ მელაშვილის სამსახურებრივი ოფისი ფაქტობრივად ქართული კულტურის ცენრტად იყო ქცეული და ჩვენებურების ერთმანეთთან შემაკავშირებელ როლს ასრულებდა. ახმედის დახმარებით მუსტაფა ქართულ ანბანსაც დაეუფლა და ერთ წელშიწადში უკვე იმდენად გაიწაფა მშობლიურ წერა-კითხვაში, რომ მის საოჯახო არქივში დაცული ქართული საბუთების წაკითხვაც შეძლო. სწორედ ამ გზით დაუკავშირდა იგი ბათუმელ ნათესავებს და ჯერ წერილობით და შემდეფ პირადი შეხვედრებით აღადგინა მათთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაწყვეტილი ურთიერთობა.

1980 წლის ივლისში თურქი ნაციონალისტების მიერ ახმედ მელაშვილის ვანდალური მკველობის შემდეგ ჩვენებურების ეროვნული აქტიურობა საგრძნობლად შესუსტდა. ამას თან ერთვოდა 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებაც, რის შედეგადაც მნიშვნელოვანწილად იყო შეზღუდული მოქალაქეთა დემოკრატიული უფლებები და თავისუფალი კავშირ-ურთიერთობები. მიუხედავად ამისა გურამ ხიმშიაშვილს არჩეული გზიდან არ გადაუხვევია და ახმედ მელაშვილის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად კვლავაც განაგრძო ადრინდელი საქმიანობა. ასე მომზადდა საფუძველი — ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ქართული სათვისტომოებისა და ასოციაციების შესაქმნელად.

1982 წელს გურამ ხიმშიაშვილმა ორგანიზება გაუწია ახმედ მელაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ხალხმრავალ თავყრილობას, რომელიც სტამბოლის სარიერის რაიონში გაიმართა. გურამ ხიმშიაშვილის ეროვნული საქმიანობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა ოსმან ნური მერჯანთან (ოთარ იმედაშვილი) დამეგობრების შემდეგ. გურამ ხიმშიაშვილი 1986-1999 წლებში ქალაქ იალოვაში ცხოვრობდა და ენერგიულ მონაწილეობას იღებდა ბურსასა და სტამბოლში მცხოვრები ქართველების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში. მას დიდი წვლილი მიუძღვის 1986 წელს ბურსაში „ბათუმისა და მისი შემოგარენის ლტოლვილთა ასოციაციის“ დაარსების საქმეში. 1987 წელს კი გურამ ხიმშიაშვილისა და სტამბოლში მცხოვრები სხვა თანამემამულეების ძალისხმევით სტამბოლის ცენტრალურ უბან ბეშიქთაშში „ბათუმისა და მისი შემოგარენის ლტოლვილთა ასოციაციაც“ დაფუძნდა. ასეთივე როლი აქვს მას შესრულებული იზმითის, გოლჯუქის, ხენდეკის, ორჰანგაზისა და იზნიქის ქართული ასოციაციების შექმნაშიც.

1987 წელს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულლებთან კულტურული კავშირ-ურთიერთობების საზოგადოების იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ოთარ გიგინეიშვილმა საქართველოში მოიწვია გურამ ხიმშიაშვილი. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო, რომლის დროსაც არა მხოლოდ თავისი ისტორიული სამშობლოს ღირშესანიშნაობები დაათვალიერა, არამედ საქართველოში მცხოვრები ნათესავები გაიცნო და ბევრი ახალი მეგობარი შეიძინა.

გურამ ხიმშიაშვილი სარედაქციო–საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა ჟურნალ „ჩვენებურის“ გამოცემის აღდგენის საქმეში. ეს ჟურნალი ახმედ მელაშვილმა და შენვერ აქინმა (შალვა თევზაძემ) დაარსეს 1977 წელს, მაგრამ ახმედ მელაშვილის მკვლელობისა და 12 სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მისი გამოცემა შეწყდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, 1993 წელს ბურსაში მოწვეულ საგანგებო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჟურნალის გამოცემის აღდგენასთან დაკავშირებით. განახლებული „ჩვენებურის“ პირველი ნომრები 1993 ბურსაში გამოიცა, 1994 წლიდან კი ჟურნალი სტამბოლში მის დახურვამდე, 2006 წლამდე სამ თვეში ერთხელ გამოდიოდა თურქულ ენაზე. მასში ქვეყნდებოდა წერილები საქართველოს ისტორიისა და თანამედროვე ყოფის, ქართული ენის, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. გურამ ხიმშიაშვილ იყო ჟურნალის საგამომცემლო საბჭოს წევრი, აგვარებდა ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმეებს, ჩართული იყო გამოსაქვეყნებელი მასალების შერჩევის პროცესში და ჟურნალის დაბეჭდვასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემათა პრაქტიკულ მოგვარებაში. 2007-2011 წლებში გამოდიოდა ორენოვანი (ქართულ–თურქული) ჟურნალი „ფიროსმანი“, რომლის მთავარი რედაქტორი იყო ფარნა-ბექა ჩილაშვილი, ხოლო გენერალური კოორდინატორი — გურამ ხიმშიაშვილი. გურამ ხიმშიაშვილი წერილებს აქვეყნებდა ორივე ჟურნალში. მის პუბლიკაციათა დიდი ნაწილი ინფორმაციული ხასიათისაა და ავტორი მათი მეშვეობით მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართულ-თურქულ ისტორიულ, ლიტერატურულ, კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობათა შესახებ.

გურამ ხიმშიაშვილი თურქეთში პირველია, ვისაც ამ ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ოფიციალურად გადასცა პროფესიონალი ქართულენოვანი გიდის სერთიფიკატი, იგი იმავდროულად პროფესიონალი ინგლისურენოვანი გიდის სერთიფიკატის მფლობელიცაა. გურამ ხიმშიაშვილი სტამბოლში 2000 წელს დაარსებული თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს უცვლელი წევრიცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გურამ ხიმშიაშვილის (მუსტაფა (იაკუტის) ქართული ღვაწლი), ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში, ავთანდილ ნიკოლეიშვილი , ქუთაისი, 2015, გვ. 319-337
  • მუსტაფა იაქუტი (გურამ ხიმშიაშვილი), რამაზ სურმანიძე, სტამბოლი, 2019

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]