გურამ ბზვანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ ბზვანელი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 აგვისტო, 1934
გარდ. თარიღი 18 მაისი, 2015 (80 წლის)
საქმიანობა კომპოზიტორი

გურამ ბზვანელი (დ. 3 აგვისტო, 1934 — გ. 18 მაისი, 2015) — ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982).

გურამ ბზვანელი 1934 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. მისი ოჯახი წარმოშობით ვანის რაიონიდან, სოფელ ბზვანიდან არის, საიდანაც მოდის გვარის ამჟამინდელი ფორმა, რომლითაც ტყეშელაშვილი არის შეცვლილი.[1]

გურამს სიმღერა ბავშვობიდან ეხერხებოდა და ასევე ბავშვობიდანვე დაიწყო სიმღერების წერა.თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, მაგრამ შემდეგში მისი მეგობრები ასრულებდნენ. პირველი შემფასებელი მისი შემოქმედებისა სწორედ მეგობრები იყვნენ. პირველმა კინორეჟისორმა გიზო გაბესკირიამ შესთავაზა „ლექსი მეგობრობაზე“, რეზო ამაშუკელმა კი „ბუტია“, რომელზეც დაწერა სიმღერები. ასევე ნოდარ დუმბაძემ მისცა მას ლექსი „სიმღერა თბილისზე“. კომპოზიტორის მეშვეობით ამ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა.

1953 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1954-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საფეიქრო ფაკულტეტზე. ეს წლები მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო. როცა სტუდენტი გახდა ინსტიტუტში უკვე სწავლობდნენ თამაზ ცინცაძე და გურამ ბაკურაძე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაზე, შეასრულეს სიმღერა თბილისზე, რომელიც ძალიან მოეწონათ ორკესტრის ხელმძღვანელებს და ისინი ორკესტრის წევრებად მიიღეს. მათი თხოვნით ორკესტრის ხელმძღვანელებმა გურამ ბზვანელსაც მოუსმინეს, მიიღეს და ურჩიეს, რომ მოეფიქრებინათ მათ თუ როგორ შეექმნათ კვარტეტი. მეოთხე წევრი გახდა შოთა ხარაბაძე, კვარტეტისთვის მუსიკას და ტექსტებს გურამ ბზვანელი წერდა.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტის პოპულარობა მალე გასცდა თბილისის ფარგლებს და მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა, გასტროლები ჰქონდათ თითქმის ყველა რესპუბლიკაში, 1957 წელს გეპეის კვარტეტი თავის ორკესტრთან ერთად გამოვიდა ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეექვსე მსოფლიო ფესტივალში, რომელსაც მოსკოვმა უმასპინძლა. კვარტეტი ფესტივალის ლაურეატი გახდა. ეს იყო ერთადერთი თვითშემოქმედი საესტრადო კოლექტივი, რომელმაც ეს კილდო მოიპოვა.

1958 წელს გურამ ბზვანელი და გეპეის კვარტეტი ალეკსანდრ ფაინციმერმა მიიწვია მოსკოვში მუსიკალურ კომედიაში, „გოგონა გიტარით“, გადასაღებად, ფილმში მთავარ როლს ლუდმილა გურჩენკო თამაშობს.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბზვანელი მუსიკალური ცოდნის გაღმავების მიზნით თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლობდა, 1960-1965 წლებში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იყო პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი. ასევე მუშაობდა 23-ე საშუალო სკოლის სამუსიკო ათწლედის ხელმძღვანელად, მინიატურების სახელმწიფო თეატრში მუსიკალურ ნაწილის გამგედ, ხოლო 1988 წლიდან მუშაობდა თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად.

1968 წლიდან იყო კომპოზიტოთა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982) და თბილისის ერთგულების მედლის კავალერი (2002).

გურამ ბზვანელის მუსიკალური სკოლა ვანში

კომპოზიტორი დაქორწინებული იყო ფსიქიატრ თამილა მაკარიძეზე, რომელიც მრავალი მონოგრაფიის ავტორია. წყვილის არცერთმა შვილმა მამის პროფესია არ აირჩიეს, ქალიშვილი ექიმია, ვაჟი, ლევან ბზვანელი, კი — რეჟისორი, გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და გატაცებულია ხატვით. ამჟამად აღარ მუშაობს, თუმცა აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას. ამ ბოლო პერიოდში მან რამდენიმე ფილმი გადაიღო, რომელსაც ფონად მისი მამის დაწერილი მუსიკა მისდევს.

2015 წლის 18 მაისს გურამ ბზვანელი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამავე წლის 22 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გურამ ბზვანელის შემოქმედებითი საღამოს გაიმართა, კონცერტის დასასრულს კი ვარსკვლავი გაიხსნა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება 22 მაისს იყო დაგეგმილი და თარიღი შეიცვალა კომპოზიტორის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.[2][3]

ქალაქ ვანში მოქმედ მუსიკალურ სკოლას 2006 წლიდან მიენიჭა გურამ ბზვანელის სახელი.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]