გუმისთის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუმისთის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ აფხაზეთის ასსრ სოხუმის რაიონში. გუმისთის მიწერილი სანადირო მეურნეობა მიმაგრებული იყო აფხაზეთის მონადირეთა საზოგადოებაზე. ის ერთ-ერთი დიდი და მდიდარი სანადირო სავარგული იყო ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ეს მეურნეობა მდებარეობდა მდინარე გუმისთას მარჯვენა ნაპირზე და მოიცავ და 11 000 ჰექტარ ფართობს. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ცუმურის სატყეო, დასავლეთით — ეშერის სატყეო, ჩრდილოეთით — მუხურმასა და კუბრიშკას მთები, სამხრეთით — გუმისთის სატყეო.

აქ კარგადა იყო გავრცელებული: არჩვი, შველი, გარეული ღორი, კურდღელი, დათვი, ზოგჯერ კავკასიონის სამხრეთ კალთებიდან ზამთრობით ჩამოდიოდა ჯიხვი. გადაფრენის დროს ბლომად იყო ტყის ქათამი. ხანდახან ამ მთიან ადგილებში მწყერიც კი გამოჩნდებოდა ხოლმე. გვხვდებოდა ქედანი და მტრედი, ალპურ ზონაში კი კავკასიური როჭო. ზოგიერთი მონადირე, რომელთაც ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული ბეწვეულის დამამზადებელ ორგანიზაციებთან, აქ ბლომად იჭერდა კვერნას.

გუმისთის მიწერილი მეურნეობა მეტად ადვილი დასაცავი იყო ბრაკონიერთა ხელყოფისაგან, ვინაიდან აქ მონადირე ვერ ასცდებოდა იმ ერთადერთ გზას, რომელიც სოხუმიდან პირდაპირ მიემართებოდა ცუმურის სატყეოსაკენ, სადაც დაწესებული იყო კონტროლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]