გულ-ფილტვის რეანიმაციის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გულ-ფილტვის რეანიმაცია (შემოკლებით გფრ, ასევე გამოიყენება ტერმინი კარდიოპულმონარული რეანიმაცია) — პროცედურა, რომელიც უტარდება გულგაჩერებულ ადამიანს. მისი მიზანია გულის დახურული მასაჟით სისხლის  ცირკულაცია, გულის მუშაობისა და სუნთქვის აღდგენა (პირიდან პირში ან ცხვირში ჩაბერვის საშუალებით), რათა ტვინმა ნორმალურად იმუშაოს მანამ, სანამ არ მივიღებთ ალტერნატიულ ზომებს, მაგალითად დეფიბრილაცია, კარდიოსტიმულატორების შეყვანა.

გულ-ფილტვის რეანიმაციის გამოგონებამდე, მე-18 საუკუნის იაპონიასა და ევროპაში, ადამიანის გადასარჩენად სხვადასხვა მეთოდი არსებობდა. თუმცა, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ჯეიმზ ელამმა და პიტერ საფარმა აღმოაჩინეს ნამდვილად ეფექტური მეთოდი, რომელიც დღეს გფრ (ინგ.CPR)-ის სახელით არის ცნობილი. საფარი იკვლევდა უკვე არსებულ მეთოდებს, მათ შორის ადამიანის სუნთქვის კონტროლს მისი თავის გადაწევითა და პირის გაღებით. მან სუნთქვით მანიპულაციებს დაამატა გულის დახურული მასაჟი და ჩამოაყალიბა გფრ-ს პირველადი ვარიანტი[1].

პიტერ საფარი ცხოვრების განმავლობაში ყოყმანობდა და არ მიაჩნდა, რომ მან პირველმა „გამოიგონა“ გფრ. ის თვლიდა, რომ მან უბრალოდ გააერთიანა ადამიანის მიერ უკვე გამოგონილი მეთოდები, როგორც თვითონ უწოდებდა „the ABCs“–ში (Airway - სასუნთქი გზები, Breathing - სუნთქვა, Circulation - ცირკულაცია). ის მუხლმოუხრელად მუშაობდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაევრცელებინა ახლად აღმოჩენილი მეთოდი. ის დაუკავშირდა ნორვეგიელ აზმუნდ ლერდალს და შექმნეს „Resusci Anne“ (მანეკენი გფრ-ში სავარჯიშოდ). ახლა, ლერდალი სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელია.

საფარმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის შექმნა პირველი სახელმძღვანელოები (გაიდლაინები). მან დააარსა რეანიმაციის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი პიტსბურგის უნივერსიტეტში, რომელსაც 1994 წლმდე უძღვებოდა. პიტერ საფარი სამჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე მედიცინის დარგში.

რეანიმაციის პირველი მცდელობები მე-18 საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1767 წლის აგვისტოში, ამსტერდამში შეძლებული და საზოგადოდ მოაზროვნე ადამიანები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ დამხრჩვალ ადამიანთა გადარჩენის საზოგადოება.[2]

საზოგადოების წევრებმა შეკრიბეს და შეიმუშავეს სხვადასხვა მეთოდები და რეკომენდაციას უწევდნენ შემდეგ მანიპულაციებს[3]:

  1. დაშავებულის გათბობა
  2. გადაყლაპული წყლის ამოსაღებად დაშავებულის თავის ფეხის დონეზე დაბლა მოთავსება.
  3. მუცელზე ზეწოლა
  4. ხელოვნური სუნთქვის ჩატარება პირიდან-პირში ჩასუნთქვის მეთოდით ან საბერველის გამოყენებით.
  5. ღიტინი დაშავებულის ყელზე.
  6. დაშავებულის "სტიმულირება" თამბაქოს კვამლით რექტალური ან ორალური გზით. რექტალური "სტიმულირებისათვის" გამოიყენებოდა საბერველი, რომლითაც ანალური ხვრელის გავლით სწორ ნაწლავში უშვებდნენ კვამლს.
  7. სისხლის გამოშვება.

ამსტერდამის საზოგადეობა ამტკიცებდა, რომ ამ მეთოდების გამოყენებით 4 წლის განმავლობაში 150 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს[4].

ჩამოთვლილთაგან პირველი ოთხი (ან მათი ვარიაციები) დღემდე გამოიყენება მედიცინაში.

პირველი საზოგადების წარმატების შემდეგ, ევროპის ქვეყანათა დედაქალაქებში მალევე გაჩნდა ანალოგიური პროფილის გაერთიანებები, რომელთა მიზანს რეანიმაციის სრულყოფილი მეთოდის პოვნა წარმოადგენდა. 1769 წელს, ჰამბურგის (გერმანია) ეკლესიებში დაიწყო არსებული მეთოდების სწავლება, რომელიც მოიცავდა დამხრჩვალი, გაყინული და ტოქსიკური აირით მოწამლული ადამიანების დახმარებას. აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს პირველ მასობრივ სამედიცინო სწავლებად. 1774 წელს, ლონდონში (ინგლისი) დაარსდა სამეფო ჰუმანიტარული საზოგადოება, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ თანამედროვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების წინამორბედად.

მსგავსი ტექნიკა აღმოჩენილია მე-20 საუკუნეში, ჯიუჯუცუსა და ძიუდოს წიგნებში, რომლებიც მე-17 საუკუნის ადრეულ პერიოდში გამოიყენებოდა. 1910 წელს, ნიუ-იორკ თაიმზის ჟურნალისტმა დეტალურად აღწერა ჯიუჯუცუში(მოგვიანებით ძიუდოშიც) გამოყენებული ტექნიკა, რომელიც კაპოს ან კუტასუს სახელით არის ცნობილი[5][6][7][8].

თანამედროვე რეანიმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერები და ექიმები პრობლემას სხვადასხვა გზით მიუდგნენ, მათ შორის ახალი მედიკამენტების გამოგონებით, ახალი ქირურგიული მეთოდებითა და სავარაუდო რისკ-ფაქტორები გამოვლენით. ექიმებმა ჯეიმზ ელამმა, პიტერ საფარმა და არჩერ გორდონმა დაიწყეს ხელოვნური სუნთქვისა და პრევენციული ზომების სწავლება მსოფლიო მასშტაბით.

გორდონს საწყის ეტაპზე არ მიაჩნდა ხელოვნური სუნთქვა ეფექტურად, სანამ თვითონ არ ჩაატარა კვლევა თავისი პედიატრიულ პაციენტებზე. საფარიც ასევე ხელოვნურ ვენტილაციას იკვლევდა და საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ ცალ-ცალკე მუშაობას ჯობდა ძალები გაეერთიანებინათ და ეთანამშრომლათ (ხშირად ისინი დამოუკიდებლად მიდიოდნენ ერთსა და იმავე დასვკამდე).

1950-იანი წლების დასაწყიში, რეანიმაციისთვის მიღებულ მეთოდს წარმოადგენდა გულმკერდზე ზეწოლა და მხრის მაღლა აწევის ტექნიკა(საფარმა და ელამმა დაამტკიცეს, რომ ეს მეთოდი არაეფექტური იყო). ელამი და საფარი (შემდგომ გორდონიც) ატარებდნენ მრავალ ექსპერიმენტს რათა ეჩვენებინათ ხელოვნური სუნთქვის უპირატესობანი. პრობლემას მხოლოდ მისი პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ამერიკის წითელი ჯვარი სწავლებებს ამ თემაზე 1950-იანი წლებიდან ატარებს. მაგალითისთვის, 1959 წელს კალამაზუში (მიჩიგანი) მოხალისე როჯერ მეჰალეკმა შექმნა სავარჯიშო მანეკენი რომელსაც „Miss Sweet Breath“ (მის ტკბილი სუნთქვა) დაარქვა.

ნიუ-იორკში, ჯანმრთელობის კომისარ ჰერმან ჰილიბოზე შთაბეჭდილება მოახდინა ახალმა მეთოდმა. მან დაავალა ელამს სასწავლო ბროშურის შექმნა, რომელსაც „ხელოვნური სუნთქვა“ ერქმეოდა (გამოიცა 1959 წელს). ბროშურის წარმატებამ ელამს გზა გაუხსნა და მან უკვე ფილმების მეშვეობით შეძლო ახალი მეთოდების ჩვენება.

1960 წლისთვის ამერიკის მეცნიერებათა აკადემიამ, ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადეობამ, ნიუ-იორკის სამედიცინო საზოგადეობამ და ამერიკის წითელმა ჯვარმა ხელოვნური სუნთქვა დაამტკიც და მიიღო, როგორც რეანიმაციისათვის საჭირო ეფექტური მეთოდი

ექიმები იყენებენ დაშავებულის დაავადებათა ისტორიას, რათა გაიგონ თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის მკურნალობის მეთოდი. მაგალითად: ძუძუს კიბოს განვითარებას რამდენიმე თვე სჭირდება და ქირურგიულ თუ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას და გამოჯანმრთელებას წლები სჭირდება. ხოლო, უეცარ გულის გაჩერებას ძალზედ მცირე ისტორია აქვს და შესაბამისი დახმარებაც მალევე უნდა გაეწიოს დაშავებულს. სწორად და დროულად ჩატარებულ გფრ-ს შეუძლია ადამიანი სიკვდილს გადაარჩინოს.

თანამედროვე გფრ-ის ელემენტებს წარმოადგენს გულის დახურული მასაჟი და ხელოვნური ვენტილაცია (პირიდან–პირში ჩაბერვის მეთოდით). ასევე გამოიყენება დეფიბრილატორი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ხელთ არსებული სხვა დამხმარე საშუალებები.

ხელოვნური სუნთქვა (პირიდან-პირში სუნთქვის მეთოდი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პირიდან-პირში ჩაბერვის მეთოდის გამოყენება მხოლოდ ახალშობილებისათვის იყო გამოსადეგი. 1946 წელს, პოლიომიელიტის მასობრივი აფეთქების პერიოდში ანესთეზიოლოგმა ჯეიმზ ელამმა გამოიყენა აღნიშნული მეთოდი ბავშვის გადასარჩენად[9]. ელამი ასე იხსენებს ამ ამბავს : "მე ვეძებდი მეურვეს, როდესაც დერეფანში საკაცით ექთანი და ორი დამხმარე შემოვარდა. საკაცეზე ბავშვი იწვა, რომელიც სულ გალურჯებული იყო. მე გადავუღობე გზა მათ, დავიჭირე ზეწარი და მის პირში დაგროვილი ლორწო მთლიანად ამოვიღე.... ჩემი ტუჩები მის ცხვირზე მოვათავსე და ჩავბერე. ოთხი სუნთქვითი მოძრაობის შემდეგ მას ფერი დაუბრუნდა"

რამდენიმე წლის შემდეგ ჯეიმზ ელამი პიტერ საფარს შეხვდა, რომელიც ასევე ანესთეზიოლოგი იყო და დაარწმუნა იგი, რათა ძალები გააერთიანებინათ და ერთობლივად ეცნობებინათ მსოფლიოსათვის, რომ ვენტილაცია ამოსუნთქული ჰაერით ეფექტურია. საფარმა წამოიწყო ექსპერიმენტთა მთელი სერია გათიშულ ინდივიდებზე[10]. პიტერ საფარი ასე აღწერს ექსპერიმენტებს:

ვიკიციტატა
„„31 ექიმმა და სამედიცინო სტუდენმა, ასევე ერთმა ექთანმა გამოთქვა სურვილი ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. ისინი უნდა დამკვირვებოდნენ მე რა დროსაც დაძინებულ (ანესთეზიით) პაციენტების ფილტვების ვენტილაციას მოვახდენდი ტრაქეალური მილის გარეშე. მე დავამშვიდე მოხალისეები და დავაძინე რამდენიმე საათით. სისხლში არსებული ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის რაოდენობა აღინიშნა და გაანალიზდა. მე ეს მეთოდი 100-ზე მეტ ადამიანზე გამოვცად და მათ შემდგომ დაევალათ, რომ იგივე მანიპულაცია სხვა დაძინებულ მოხალისეებზე ჩაეტარებინათ.““

ამ ექსპერიმენტებით დაგროვილმა ინფორმაციამ განაპირობა პირიდან-პირში ჩასუნთქვის მეთოდზე გადასვლა. 1957 წელს, შეერთებული შტატების არმიამ ზემოთ ნახსენები მეთოდი დაამტკიცა. 1958 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციაც გაყვა არმიის კვალს. 1958 წლის 17 მაისს გამოშვებული ჟურნალის (JAMA, Journal of American Medical Association) შესავალი ნაწილის ინდოსამენტში შემდეგი შინაარსის ტექსტი გვხვდება: „ამოსუნთუქლი ჰაერით ფილტვების ვენტილაცია საკმაოდ მარტივია და შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ეს მეთოდი გამოიცადა საველე რეალურ ვითარებაში.“

გულმკერდზე ზეწოლა (გულის დახურული მასაჟი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნთქვის შეწყვეტისგან განსხვავებით, უეცარი სიკვდილის უტყუარ ნიშანს გულის გაჩერება და შესაბამისად ცირკულაციის შეწყვეტა წარმოადგენს, რომელიც გამოუცდელი ადამიანის თვალისთვის თითქმის შეუჩმნეველია.

მეცნიერების ნაშრომებზე დაყრდნობით,რომელშიც პრობლემის გადაწყვეტის შესახებ და სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობაზე იყო საუბარი, კვლევების ჩატარება უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა. მეტიც , 1904 წელს პირველად აღწერეს გულის დახურული მასაჟი, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს ამ ფაქტს და მიივიწყეს. ამ პერიოდში გაბატონებულ აზრს კარგად გამოხატავს ერთ-ერთი ექიმის ციტატა: "ჩვენ უძლურები ვართ ცირკულაციის შეწყვეტის შემთხვევაში" (1890).

1958 წელს, ვილიამ ბენეტ კოუვენჰოვენმა, გაი ნიკერბოკერმა და ჯეიმზ ჯუდმა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს გულმკერდზე ზეწოლის მექანიზმი[11]. ისინი იკვლევდნენ დეფიბრილაციას ძაღლებში, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ გულზე დეფიბრილატორის ელექტროდის დამაგრებისას ბარძაყის არტერიაზე პულსაცია იგრძნობოდა. დაწვრილებითი გამოკვლევის შედეგებმა მრავალ კითხვას გასცეს პასუხი, მაგალითად : რამდენად სწრაფად, სად და რა სიღრმეზე უნდა მოხდეს ზეწოლა. პასუხების გაგეგამ გზა გაუხსნა მათ და ისინი უკვე მზად იყვნენ, რომ ზემოთხსენებული მანიპულაცია ადამიანებზეც გამოეცადათ.

ჯეიმზ ჯუდი იხსენებს თუ როგორ გადაარჩინეს ამ ტექნიკით პირველი ადამიანი: „ის იყო ჭარბწონიანი ქალბატონი.... რომელსაც გული ანესთეზიური საშუალების გამო გაუჩერდა. მას არ აღენიშნებოდა წნევა, პულსი და ჩვენ უეჭველად მოგვიწევდა გულმკერდის გახსნა. თუმცა, ჩვენ არ ვიმყოფებოდით საოპერაციოში და გულის დახურული მასაჟის გაკეთება დავიწყეთ. პულსაცია და წნევა აღდგა. ჩვენ არ დაგვჭირვებია გულმკერდის გახსნა. ის წაიყვანეს საოპერაციოში, ჩაუტარდა ოპერაცია და ბოლომდე გამოჯანმრთელდა“

1960 წელს, სამმა გამომძიებელმა გამოაქვეყნა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ამერიკის მედიცინის ასოციაციის ჟურნალში [12]. 20-დან 14 პაციენტი (70%) გადარჩა და საავადმყოფოდან გაწერეს. მათ უმრავლესობას გული ანესთეზიური საშუალების გამო გაუჩერდა. გულმკერდის ზეწოლა 1-დან 65 წუთამდე გრძელდებოდა. ჟურნალის სტატიაში ავტორი წერს : „ნებისმიერს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია გაჩერებულ გულზე რეანიამციის ჩატარება. ამისათვის მხოლოდ ორი ხელია საჭირო“. მიუხედავად ამისა სტატიამ მცირე ყურადღება გამოიწვია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lenzer, Jeanne. Peter Josef Safar. PMC 194106. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC194106/.
  2. Johnson A, An account of some societies at Amsterdam and Hamburg for the recovery of drowned persons, 1773, London, pg. 119.
  3. Cary RJ (1918). "A brief history of the methods of resuscitation of the apparently drowned". Journal of Johns Hopkins Hospital Bulletin 270: 243–251.
  4. Royal Humane Society, Annual Reports, 1787, 1788, 1789. London
  5. https://query.nytimes.com/mem/archive-free/pdf?res=9E0CE4D61E39E333A25757C0A96F9C946196D6CF
  6. "Jiu-Jitsu Methods of Resuscitation". British Medical Journal 2 (3893): 318. . PMC 2461172. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2461172/.
  7. http://ejmas.com/jcs/jcsart_burgin_1203.htm
  8. http://www.judoinfo.com/chokes.htm
  9. Elam JO, Rediscovery of expired air methods for emergency ventilation, in Advances in Cardiopulmonary Resuscitation, Peter Safar, Ed, Springer Verlag, 1977, New York, pg 263-265.
  10. Safar P. History of cardiopulmonary-cerebral resuscitation, in Kay W and Bircher N, Cardiopulmonary Resuscitation, Churchhill Livingston, 1989, New York, pg 1-53.
  11. Flynn, Ramsey. (2011-02-18) A Dying Dog, a Slow Elevator, and 50 Years of CPR. Hopkins Medicine magazine.
  12. Kouwenhoven WB, Jude JR, Knickerbocker GG. Closed-chest cardiac massage, JAMA. 1960;173:94-97.