გულრიფშის სანატორიუმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულრიფშის სანატორიუმები — XX სკ. დასაწყისში აშენებული და მთელი საუკუნის მანძილზე მოქმედი სანატორიუმები დაბა გულრიფშში, აფხაზეთში. დამაარსებელი — მეცენატი ნიკოლაი სმეცკოი.

გულრიფშამდე სმეცკოიმ 1892 წელს ეგზოტიკური მცენარეების ბაღი გააშენა დღევანდელი სოხუმის კელასურის რაიონში.

ისტორია იწყება 1895 წელს, როცა სმეცკოიმ მდ. მაჭარის აღმოსავლეთით, გულრიფშთან, ზღვიდან 3 კმ-ში შეიძინა 75 ჰექტარი ტერიტორია და აქ სუბტროპიკული პარკი გააშენა. 1900 წელს მან ტერიტორიაზე პირველი სანატორიუმის აგება გადაწყვიტა.

სამივე სანატორიუმის მშენებლობის დასასრულს, 1913 წელს, აქ საერთო ჯამში შეიძლებოდა ერთდროულად 600 პაციენტის მიღება. გარშემო 240 ჰა-ზე გაშენებული იყო დეკორატიული პარკები, რომლებიც შემდეგ გაფართოვდა.

1921 წელს გასაბჭოების შემდეგ შენობები გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. წითელი და თეთრი კორპუსების ბაზაზე შეიქმნა ლენინის სახელობის სანატორიუმი.

ახლა ეს ნაგებობები სავალალო მდგომარეობაშია და უკანაკნელ წლებში ვანდალების მიერ თითქმის მთლიანად დაშლილია და განადგურებული.[1] საგულისხმოა, რომ აფხაზეთის ომისას ისინი პრაქტიკულად არ დაზიანებულა.[2]

თეთრი კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულრიფში-1
ალტერნატიული სახელები თეთრი კორპუსი
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ზღვის დონიდან 120 მ.
გაიხსნა 1902
ზომები და ტექნიკური დეტალები
სართულთა რაოდენობა 4

ზღვის დონიდან 120 მეტრზე მშენებლობა მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და სამშენებლო მასალებს ის ძირითადად მოსკოვიდან და კოსტრომიდან იწერდა. სანატორიუმი 1902-ში გაიხსნა. მის გარშემო სქელ ფენად ხმელთაშუაზღვიური კორპის მუხები დარგეს. მახლობლად აგრეთვე იყო ხილის ბალი, ვენახი და ციტრუსის პლანტაცია.

1902 წლის ნოემბერში თეთრმა კორპუსმა პირველი ფილტვებდაავადებული პაციენტი მიიღო. პალატის ღირებულება სოხუმის სანატორიუმების ფასის ნახევარი იყო. თეთრი კორპუსი 110 პაციენტზე იყო გათვლილი.

1907 წელს პატრონი ამ შენობას მოსკოვის საქალაქო საბჭოს სთავაზობდა საჩუქრად, მაგრამ მისი შენახვის ხარჯების სიდიდის გამო უკანასკნელებმა თავი შეიკავეს.

1915-1916 წელს სმეცკოი სანატორიუმს სთავაზობდა განათლების სამინისტროს მასწავლებლებისა და მოსწავლეების დასასვენებლად. მან თანხმობა მიიღო, მაგრამ გარიგება ვერ განხორციელდა 1917 წლის რევოლუციის გამო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგუძერის სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგუძერის სანატორიუმი
ალტერნატიული სახელები აგუძერის ავეჯიანი სახლი
«Меблированный дом Агудзера»
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აშენების ღირებულება 2 მლნ. მანეთი
გაიხსნა 1905

სმეცკოიმ შეიძინა მიწა აგუძერაში ზღვის ნაპირთან და 1905 წელს ჩადგა ცნობილი გერმანული სანატორიუმების მიხედვით დაპროექტებული შენობა (მხოლოდ მცირე ცვლილებებით). სმეცკოის სურდა რომ ის ყოფილიყო მთელი წლის მანძილზე გამოყენებადი სამკურნალო-დასასვენებელი ცენტრი დაბალი ფასებით. ახლოს იყო იაფი რესტორანიც. მაგრამ სოხუმში ცოტა ისვენებდა, განსაკუთრებით ზამთარში. ერთ ზამთარსაც შენობაში ტუბერკულოზით დაავადებულები დასახლდნენ, რის შემდეგაც მფლობელმა გადაწყვიტა დაწესებულება გადაეკეთებინა კონკრეტულად ტუბერკულოზის პაციენტების სანატორიუმად 8-თვიანი სეზონური მკურნალობითა და ძალზედ დაბალი გადასახადით. შენობა გათვლილი იყო 100 ადამიანზე.

რევოლუციის დროინდელი არეულობის წლებში აგუძერის სანატორიუმი დაიწვა.

წითელი კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულრიფში-2
ალტერნატიული სახელები წითელი კორპუსი
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
გაიხსნა 1913
ზომები და ტექნიკური დეტალები
სართულთა რაოდენობა 4
არქიტექტორ(ებ)ი ივან სერგეის ძე კუზნეცოვი

1913 წელს წელს თეთრი კორპუსის მახლობლად გაიხსნა წითელი კორპუსი. 4-სართულიანი შენობები ერთმანეთს ხელს არ უშლიან და ორივეს ფასადი ზღვისკენაა მიმართული. ეს იყო თავისი დროის ყველაზე დიდი შენობა აფხაზეთში, 112 ოთახითა და 250 საწოლით. აქ იყო პირველი ელექტრული ლიფტი მხარეში და სხვა უახლესი ტიპის ინფრასტრუქტურა. სმეცკოიმ აგრეთვე განაგრძო გარეშემო პარკის გამდიდრება ეგზოტიკური მცენარეებით მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

გულრიფშის 1-ელი და მე-2, წითელი და თეთრი, კორპუსების მშენებლობა 3 მლნ. მანეთი დაჯდა.

1914 წელს სმეცკოიმ წითელი კორპუსი წითელ ჯვარს გადასცა I მსოფლიო ომში დაშავებულების სამკურნალოდ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]