გული-გამთქმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გული-გამთქმელი“
The Tell-Tale Heart

გაზეთი „პიონერი“ 一 ყოველთვიური ჟურნალი, რომელშიც მოთხრობა, თავდაპირველად, გამოქვეყნდა.
ავტორი ედგარ ალან პო
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ჰორორი, გოიკური ლიტერატურა
გამომცემელი James Russell Lowell, The Pioneer
გამოცემის თარიღი 1843
მედია ბეჭდური

გული-გამთქმელი (ინგლ. The Tell-Tale Heart) 一 ამერიკელი მწერლის, ედგარ ალან პოს მცირე საშინელებათა ჟანრის მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, 1843 წელს, ავტორის თანამედროვე ამერიკელი ნოველისტისა და კრიტიკოსის, ჯეიმზ რასელ ლოუელის გამომცემლობაში 一 The Pioneer 一 გამოქვეყნდა.[1] ნოველა გოთური ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად და ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებადაა მიიჩნეული. იგი მოგვითხრობს უსახელო ნარატორის მიერ გადმოცემული ამბის შესახებ, რომელიც ცდილობს, დაარწმუნოს მკითხველი მთხრობელის გონიერებაში, რომ ის „არ გაგიჟებულა“ და, ამის პარალელურად, აღწერს მის მიერ ჩადენილი, ბურუსით მოცული მკვლელობის ამბავს. მსხვერპლი, მისივე თქმით, აღმოჩნდა მოხუცი კაცი, რომელსაც ნარატორი მოიხსენიებს, როგორც „სვავისმაგვარი ცისფერი თვალის მქონეს“. მთხრობელი მაქსიმალურად დეტალურად აღწერს ჩადენილ დანაშაულს, გადმოგვცემს მას სრული სიზუსტით 一 მის დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის ბოლოსაც ის მსხვერპლის სხეულს ანაწილებს, ამ უკანასკნელთ კი „სამი იატაკის ფიცრის ქვეშ, კოჭსა და კოჭს შუა მოათავსებს“. საბოლოოდ, მთხრობელს „თავბრუ ეხვევა“ და „ყურში რაღაც ზარივით ჩაესმა“, რომელიც ტექსტში შედარებულია „ბამბაში გახვეული ზარის წკრიალთან“. ნარატორის განმარტებით, ეს მოკლულის გულის ფეთქვა იყო.

მკვლელობის კონკრეტული მოტივი (გარდა მთხრობელის სიძულვილისა მოხუცი კაცის თვალის მიმართ), ინფორმაცია მთხრობელისა და მოხუცი კაცის ურთიერთობის შესახებ, მთხრობელის სქესი და სხვა მრავალი დეტალი ტექსტში გასაიდუმლოებულია. ნარატორი უარყოფს რაიმე სიძულვილის ან წყენის გრძნობით განმსჭვალვას მოხუცი კაცის მიმართ. როგორც თავად პროტაგონისტი ამბობს, „ჩემთვის არასოდეს უწყენინებია, არც შეურაცხყოფა მოუყენებია, არც იმის ოქრო მომსურვებია. ყველაფერი მისი თვალის გამო მოხდა...“. უფრო მეტიც, მკვლელი დასძენს, რომ „თავად ის არაფერ შუაში იყო, გასაყოფი მასთან არაფერი ჰქონდა, რაიმე უსიამოვნებაც არ მოსვლია, თავისებურად უყვარდა კიდეც ის მოხუცი კაცი“.

კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოხუცი შესაძლოა განასახიერებდეს მამის ფიგურას, მთხრობელის მიწის მესაკუთრეს, ან, შესაძლებელია, რომ მთხრობელი მოხუცის მომვლელი ან მსახურია და რომ შესაძლოა მოხუცის „სვავისებური თვალები“ წარმოადგენს ფარულ საიდუმლოებას ან ძალას, რომლის განადგურებაც პროტაგონისტს სურს. გაურკვევლობა და დეტალების ნაკლებობა, რომელიც მოთხრობას სიუჟეტის ბოლომდე თან გასდევს, კონტრასტულ პასაჟს ქმნის პერსონაჟთა შესახებ ინფორმაციის არარსებობასთან.

მოთხრობისთვის პოს სულ რაღაც ათი დოლარი გადაუხადეს.[2] ამ მცირე ნოველის თავდაპირველ პუბლიკაციას წამძღვარებული ჰქონდა ამონარიდი ჰენრი უოდსუორთ ჰონგფელოს ლექსიდან 一 ცხოვრების ფსალმუნი.[3] 1845 წლის 23 აგვისტოს გამოცემაში, რომელიც ბროდვეის ჟურნალში გამოქვეყნდა, მითითებული არ იყო ლონგფელოს ლექსი, რადგან, ავტორის აზრით, მას ამის გამო პლაგიატში დაედებოდა ბრალი.[3] პოს სიცოცხლეში აღნიშნული მოთხრობა კიდევ რამდენჯერმე დაიბეჭდა.[4]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარი კლარკის ნაწარმოებზე დაყრდნობით შექმნილი ილუსტრაცია, 1919

მოთხრობის სიუჟეტი წარმოადგენს უსახელო ნარატორის მიერ პირველ პირში გადმოცემულ ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ის, საკუთარი მტკიცებით, საღ აზრზეა, მას ნერვული აშლილობა აწუხებს, რაც, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, იწვევს გრძნობების გადაჭარბებულ სიმწვავეს.[5]

მოხუცს, რომელთანაც მთხრობელი ცხოვრობს, აქვს „სვავისებური ცისფერი თვალები“, რომლებიც იმდენად იწვევს მთხრობელში დისკომფორტს, რომ ის მის მოკვლას განიზრახავს, მიუხედავად იმის მტკიცებისა, თითქოს მთხრობელს მოხუცთან გასაყოფი არაფერი აქვს. „ყველაფერი მისი თვალის გამო მოხდა...“ 一 ამბობს ნარატორი ტექსტში. შვიდი ღამის განმავლობაში, მთხრობელი აღებს მოხუცის ოთახის კარს, რათა ფარნის ნათელი „ავ თვალს“ მოჰფინოს. თუმცა, მოხუცის თვალი გამდუმებით დახუჭულ მდგომარეობაშია, რაც ართულებს საქმის ბოლომდე მიყვანას:

„შვიდი ღამე ზედიზედ სწორედ შუაღამით შევაღებდი კარს, მაგრამ სულ დახუჭული ჰქონდა თვალი და ეს საქმე აღარ მოგვარდა, რადგან თავად მოხუცი კი არა, მისი ავი თვალი მაცოფებდა“

მერვე ღამეს, მთხრობელის ახმაურების შემდეგ, მოხუცს ეღვიძება 一 მკვლელი ფარნის გახსნას აპირებდა, რა დროსაც შუათითი სამაგრს მოუსხლტა და, ამ ხმაურზე, მოხუცი ზეზე წამოიჭრა:

„...ნელ-ნელა ვაღებდი კარს.

თავი შევყავი და ის იყო უნდა გამეხსნა ფარანი, რომ შუათითი მომისხლტა სამაგრს და საწოლზე წამოიჭრა მოხუცი ყვირილით: „ვინ არის?“

გავყუჩდი, ხმა არ ამომიღია. მთელი საათი არც კი შევტოკებულვარ, მთელი ეს დრო არ გამიგონია მისი დაწოლის ხმა. ლოგინზე იჯდა სმენად ქცეული.“

მალე, სინათლის სხივი მის „ბოროტ თვალს“ მოხვდება, რაც ცხადყოფს, რომ კარი ფართოდ არის გაღებული:

„მოვაღე... ვერც კი წარმოიდგენთ, რა ნელა, ვიდრე ბოლოს ერთი მქრქალი, აბლაბუდას ძაფის სისხო სხივი არ გაუსწორდა მის სვავისებურ თვალს.“

მთხრობელს მოხუცის გულის ცემა ესმის, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ეს ზრდის მთხრობელი შფოთვას იმ დონემდე, რომ მას მოხუცის მოკვლის სურვილი კიდევ უფრო უძლიერდება. ოთახში შეჭრისას, მას შემდეგ, რაც მოხუცი კაცი მოკლა, მთხრობელმა მისი გვამის დანაწილება და იატაკქვეშ შენახვა განიზრახა:

„სამი ფიცარი ავაძრე ოთახის იატაკს, გვამი კოჭსა და კოჭს შუა ჩავდე, მერე ისე მოხერხებულად მოვარგე ფიცრები, ვერაფერს შენიშნავდა კაცის თვალი, თვით იმისი თვალიც. მორეცხვაც არ უნდოდა, აღარაფერი, სისხლის წვეთიც არ დარჩენილიყო სადმე. ჩემი სიფრთხილის პატრონს აბა რა შემეშლებოდა. ოთხი საათი იქნებოდა, როცა ამ საქმეს მოვრჩი, მაგრამ შუაღამის უკუნეთი იდგა ირგვლივ.“

მიუხედავად მთხრობელის მცდელობისა, დამალოს საკუთარი დანაშაული, მოხუცის ყვირილი მეზობლების ისტერიას და მათ მიერ პოლიციის გამოძახებას გამოიწვევს:

„ოთხი საათი იქნებოდა, როცა ამ საქმეს მოვრჩი, მაგრამ შუაღამის უკუნეთი იდგა ირგვლივ. საათმა როგორც კი დაჰკრა, სადარბაზოს კარზე დააკაკუნეს. ჩავედი და მშვიდად გავაღე, ახლა რისი უნდა შემშინებოდა? სამი მოკრძალებული მამაკაცი შემოვიდა, პოლიციიდან ვართო, თურმე ღამით მეზობელს გაეგონა რაღაც ყვირილი. ვაითუ უბედურება მოხდაო და სადაც ჯერ არს, იქ შეუტყობინებია, ეს სამი პოლიციელი კი მოსაკვლევად გამოეგზავნათ.“

პროტაგონისტი თავს იმით იმართლებს, რომ ეს ყვირილი მას მიეწერებოდა, ხოლო მოხუცთან დაკავშირებით თქვა, რომ სოფელში იყო წასული:

„გავუღიმე, შესაშინებელი რაღა უნდა მქონოდა? სალამი-მეთქი, ბატონებო. ვუთხარი, რომ სიზმარში მე დავიყვირე. მოხუცი, ისე, სხვათა შორის ვახსენე, სოფელში წავიდა-მეთქი.“

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მეზობლები, ისე პოლიციელები, დარწმუნებულები არიან მთხრობელის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში, ისინი სამხილებს ვერ პოულობენ. უფრო მეტიც, მკვლელი პოლიციელთა გადმობირებასაც კი ახრხებს, მოაქვს მათთვის სკამები და მოკლულის ოთახში საუბარს აბამენ:

„...ჩემი გამბედაობით აღფრთოვანებულმა სავარძელი შემოვიტანე, აქ მოისვენეთ, დაღლილ-დაქანცული იქნებით-მეთქი. ზარზეიმური გრძნობით მოცულმა ჩემი სკამი სწორედ იმ ადგილას დავდგი, სადაც მსხვერპლის გვამი ჩავდე. დაკმაყოფილდნენ, დააჯერა ჩემმა დახვედრამ. მშვენივრად ვთამაშობდი. დასხდნენ და სულ მოცინარ-მოღიმარი რომ ვპასუხობდი, თავადაც გამართეს მუსაიფი.“

სავარძელი მოთავსებულია სწორედ იმ ნაწილში, რომელშიც მოხლულის გვამია გადანახული, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, პოლიციელები ვერაფერს ეჭვობენ. უეცრად, მთხრობელს შფოთვითი დისკომფორტი ეწყება და მას ყურში უცნაური ზარის ხმები ჩაესმის. ზარის ინტენსივობის მატებასთან ერთად, ის ასკვნის, რომ ეს მოკლულის გულისცემაა. მთხრობელი გაფითრებულია, რომ პოლიციელები „ვერაფერს ამჩნევენ“:

„ცხადია, გადავფითრდი... მაგრამ მაინც ვქაქანებდი გაუთავებლად, უფრო და უფრო ავუწიე ხმას. ის ხმაც მატულობდა... რა წყალში გადავვარდნილიყავი? ძლივს გასაგონი... ბამბაში შეხვეული საათი რომ გამოსცემს, ისეთი. სუნთქვა შემეკრა... იმათ კი არაფერი ესმოდათ. ვყბედობდი თავგადაკლული... მთლად გაშმაგებული. მაინც განუწყვეტლივ მატულობდა ეს ხმა. წამოვხტი და რაღაცებს მივედ-მოვედებოდი ხელების ქნევით, თითქმის აღრიალებული... მაინც მატულობდა ხმაური. რად არ მიეთრეოდნენ? დავძრწოდი აქეთ-იქით, მძიმედ და დიდზე ვადგამდი ფეხს, თითქოს ცეცხლი წამკიდა ამ ხალხის ცქერამ... მაინც მატულობდა ხმიანობა. რა წყალში უნდა გადავვარდნილიყავი, ღმერთო! ხვითქი გადამდიოდა... ვბოდავდი... ვიგინებოდი! სკამიანად ვწრიალებდი, ფხაკაფხუკი გამქონდა იმ ფიცრებზე, მაგრამ ყოველივე ჩაეხშო ამ ხმას და კვლავაც მატულობდა. მოუმატა... მოუმატა... მოუმატა! მაგრამ ეს ხალხი, ვითომცდა არაფერიაო, მასლაათობდა, იცინოდა, ნუთუ არაფერი ესმოდათ? ღმერთო დიდებულო!.. არა... ეჭვი აეღოთ!.. დამცინოდნენ! სასაცილოდ გაეხადათ ჩემი ტანჯვა!.. ასე გავიფიქრე მაშინ და ახლაც ასე ვფიქრობ, ყველაფერი მერჩია ამ წამებას! კაცი რას არ აიტანს, მაგრამ ასეთ აბუჩად აგდებას – არა! იმათ იქედნურ ღიმილს როგორ გავუძლებდი! გავთავდებოდი და ის იქნებოდა, რომ არ მეღრიალა!.. და მაშინ!.. მოუმატა! მოუმატა! მოუმატა! მოუმატა!..“

საბოლოოდ, მთხრობელი ნებდება და აღიარებს, რომ მკვლელი თავადაა:

„– მხეცებო! – დავიყვირე, – თავს ნუ იკატუნებთ, ვაღიარებ – მე მოვკალი!.. აყარეთ ფიცრები!... აქ... აი, აქ სცემს მისი წყეული გული!“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://trileri.wordpress.com/2015/05/29/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-58-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90/
  2. Silverman, Kenneth. Edgar A. Poe: Mournful and Never-ending Remembrance. New York: Harper Perennial, 1991. ISBN 0-06-092331-8, p. 201.
  3. 3.0 3.1 Moss, Sidney P. Poe's Literary Battles: The Critic in the Context of His Literary Milieu. Southern Illinois University Press, 1969. p. 151
  4. "The Tales of Edgar Allan Poe" (index). eapoe.org. The Edgar Allan Poe Society of Baltimore (September 30, 2007). ციტირების თარიღი: 2007-11-05
  5. https://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/edgar-po-guli