შინაარსზე გადასვლა

გულგულის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულგულის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გულგულის ჩრდილოეთ განაპირას, სამეურნეო ნაგებობებით შემოფარგლულ, ოთხკუთხა მოხაზულობის ვრცელ ეზოში. ეზოს ირგვლივ მდგარი ნაგებობების ნაწილი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ნაწილი კი საბჭოთა პერიოდისაა. წლების განმავლობაში ეკლესია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, რის გამოც მას თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი.

ძეგლი, ქრონოლოგიურად განსხვავებული, ორი ძირითდი ნაწილისგან შედგება, მცირე ზომის დარბაზული ეკლესიისგან (9x6,3 მ), რომელიც, სავარაუდოდ, გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება და მოგვიანებით მასზე დასავლეთიდან მიდგმული, იგივე სიგანის, მაგრამ ორჯერ უფრო მოკლე მინაშენისგან (5,2x6,2 მ), რომლის მიშენების დროს ეკლესიის დასავლეთ კედელი თითქმის მთლიანად მოუშლიათ და ამით მლოცველთათვის განკუთვნილი სივრცე მნიშვნელოვნად გაუზრდიათ.

შენობის ორივე ნაწილი რიყის ქვითაა ნაგები, რომელთა წყობა ირეგულარულია. ეკლესიის კამარა და საბჯენი თაღები გამოყვანილია კვადრატული აგურით. მინაშენი კედლები ოდნავ უფრო წვრილი ქვისაა, რომლებიც დაწყობილია, მეტნაკლებად, თარაზულად გამავალ რიგებად. კონსტრუქცია და არქიტექტურული ელეემნტების წყობაში გამოყვანილია კვადრატული აგური. ორივე ნაწილის კედლები შიგნიდან და გარედან კირითაა შელესილი და შეთეთრებულია.

ეკლესიის აღმოსავლეთ ნახევრის კედლებში აშკარად განირჩევა ქრონოლოგიულად განსხვავებული ორი საშენი ფენა, რომლებიც განსხვავებული საშენი მასალითაა შესრულებული. კედლების ქვემო ნაწილები (1,3-1,5 მეტრის სიმაღლეზე) რიყის ქვისაა, ზემონაწილებში კი რიყის ქვასთან ერთად აგურიცაა გამოყენებული. მშენებლობის ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით ჩანს, რომ ადრე ამ ადგილას მდგარი ეკლესიის შემორჩენილი კედლები ჩართს გვიანდელი შუა საუკუნეებში განახლებული ეკლესიის კორპუსში.

შესასვლელი ორია. ორივე კარი სამხრეთიდანაა. ერთ დავდაპირველ ნაწილშია, მეორე (ამოშენებულია) მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული.

ეკელსიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწლიური აფსიდით. აფსიდის ღერძი გაჭრილი იყო ისრული თაღით ( შემორჩენილია თაღის ნაწილი) გადახურული სარკმელი, რომელიც მოგვიანებით (როგორც ჩანს, მინაშენის მიშენების დროს) ძლიერ გაუგანიერებიათ (საკმაოდ დაუდევრად). XX საუკუნეში კი შიგ ხის შემინული, ოთხკუთხა ჩარჩო ჩაუსვამთ. აფსიდში, სარკმლის აქეთ-იქით, თითო, შეისრულთაღიანი ნიშაა. ნაწილების ქრონოლოგიური განსხვავება აფსიდის ორივე ბოლოშიცაა შესამჩნევი. აშკარად ჩანს, რომ ძველი აფსიდის მხრებზე, წინიდან, კედელია მიშენებული (როგორც ჩანს, აფსიდის სიღრმის გაზრდის მიზნით) ზემოთ კი აფსიდის კედელი ერთიანდება. ნიშების ოდნავ ზემოთ, კედლის სისქეში, მოწყობილი იყო თითო, მცირე ზომის სამალავი, რომლებსაც აფსიდი ვიწრო, შეისრულთაღოვანი ღიობით უკავშირდებოდა. ღიობები შელესილობითაა დამალული და თითქმის არ შეიმჩნევა.

აფსიდი გადახურულია შეისრული თაღის მქონე კონქით. შეისრულია კამარაც, იგი აფსიდის თაღის გარდა, კიდევ ორ საბჯენ თღს ეყრდნობა. საბჯენი თაღები, კი შეკიდულ პილასტრებს. მათგან ერთი დარბაზის შუაშია, ხოლო მეორე, დასავლეთ კედელთანაა შერწყმული. პილასტრებს სამ-სამ საფეხურად დამუშავებული ბოლოები აქვს.

აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, თითო სარკმელი თავდაპირველი ნაგებობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. მათ შორის სამხრეთისა, აღმოსავლეთ სარკმლის მსგავსად, მოგვიანებით იმდენად ძლიერ გაუგანიარებიათ, რომ გარედან მას კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. გადაკეთბულია ასევე ჩრდილოეთ სარკმელიც.

მინაშენის კამარაც, ორ, შეკიდულ, საბჯენ თაღზეა დაყრდნობილი. მინაშენის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაშუ გაჭრილია თითო, განიერი სარკმელი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ორივე ბოლოში და დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში თითო, სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში ბუხარია (ამოშენებულია), რომელსაც აღმოსავლეთ გვედი და თაღის ნაწილი შემორჩა.

გარედან შენობის ორივე ნაწილის ფასადები ერთქვაროვანია, მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ სამკაულს. ეკლესიის ნაწილთა ქრონოლოგიური განსხვავება და სხვადასხვა შეკეთებების კვალი ოთხივე ფასადზე აშკარად შეიმჩნევა. თავდაპირველი ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთისა ყოფილა მორთული. ამ ფასადის მცირე ნაწილები ამჟამად მინაშენის ინტერიერშია მოქცეული. ფასადის შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ კედლის განაპირა ნაწილებში, მიწიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე, მოწყობილი იყო თითო, შეისრულთაღოვანი ნიშა, რომელიც საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში იყო ჩასმული. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების აღმოსავლეთ ნაწილში, თითო მცირე, კვადრატული ღიობია, რომლითაც აფსიდის გვერდებზე მოწყობილი სამალავები ნათდება.

ეკლესიის კედლები დასრულებულია მაღალი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით (დიდი ნაწილი ჩამოშლილია), რომლის თითოეული საფეხური კუთხით შვერილი და ჩვეულებრივადდაწყობილი აგურების თითო-თითო რიგისგან შედგება. შენობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

მინაშენის დასავლეთ კედელზე დადგმულია მაღალი, მთლიანად აგურით ნაგები, ხუთწახნაგა სამრეკლო. სამრეკლოს საფუძველი სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა ნაწილი კვადრატულია, ზედა კი რვაწახნაგა. სამრეკლოს თითოეულ წახნაგში, თითო განიერი, ბრტყელი თაღით დასრულებული ღიობია. იგი ჩასმულია საფეხურით ჩაღრმავებულ არეში, რომელსაც ამოზნექილგვერდებიანი თაღი აგვირგვინებს. თაღის ოდნავ ზემოთ, მისივე ფორმის რელიეფური ზოლია, უფრო ზევით კი სამკუთხა პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვრის რელიეფური გაოსახულება, რომლის ზედა მკლავი ლავგარდნაზეა მიყრდნობილი.თუ როგორ იყო დაკავშირებული ეკლესია სამრეკლოსთან, ამჟამად არ ჩანს. სავარაუდოა, რო სამრეკლოსთან დამაკავშირებელი ხვრელი, მინაშენის დასავლეთ კედლის სისქეში, იატაკიდან სამიოდე მეტრის სიმაღლეზე იყო მოწყობილი, რომელიც, აფსიდში არსებული სამალავების მსგავსად, მოგვიანებით ამოაშენეს.

სამრეკლოს აგურით გამოყვანილი პირამიდისებრი სახურავი აქვს.