გუდანის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდანის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდანის ცენტრში. ეკუთვნის ს. ჭინჭარაულს. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში.

ნაგებია ნატეხი ქვის მშრალი წყობით. ტიხრები ნაკელით შელესილი წნულისაა. ნაგებობა ტერასულბანიანია. შედგება ორი ნაწილისაგან: ორ სართულიანი სახლისა და ორსართულიანი მინაშენისგან. სახლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზე მიდგმულია რიყის ქვით ნაგები ცხვრის საზაფხულო სადგომი. სართულშუა გადახურვა და სახურავი გამართულია ხის კოჭებზე, რომლებიც გრძივ ღერძზე განლაგებულ ხის რამდენიმე ბოძსა და ქვის ერთ მასიურ სვეტს ეყრდნობა. სახლის პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. ქვის კაპიტალურ კედლიანი დერეფნიდან კარი ჩასმულია ხის ჩარჩოში. კარის ორივე მხარე თითო სარკმელია. დერეფანი გატიხრულია სამ ნაწილად. შუა ნაწილი გასასვლელია, მარცხნივ ცხენების სადგომია, მარჯვნივ სართავისი. დერეფნის კარის პირდაპირ გაჭრილია სახლის მთავრ ნაწილში (შინა) შესასვლელი. შინა ორ ნაწილადაა გაყოფილი. კარის მარჯვნივ საქონლის სადგომია, რომელშიც უკანა კედლის გასწვრივ ცხვრების და ხბოების სადგომია, მარცხნივ საცხოვრებელი შიდა ეზოსა და საქონლის სადგომს ფილაქნის იატაკი აქვს. საცხოვრებლის წინა ნაწილში წინათ კერა იყო. სახლის მეორე სართულის სამხრეთ კედელში კარი და ერთი სარკმელია, მეორე სარკმელი დასავლეთითაა. ჭერხოს წინ, I სართული თავზე ბანია. ჭერხო მამაკაცთა საძინებელი იყო, იყენებდნენ საოჯახო ინვენტარისა და საკვების შესანახადაც.

გვერდითას I სართულის სამხრეთ კედელში კარი და ერთი სარკმელია გაჭრილი. იატაკი აქ დატკეპნილი მიწისაა. II სართული აღმოსავლეთ კედელში კარი და ორი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი სარკმელი. ეს სართული ორ ნაწილადაა გატიხრული. სამხრეთი ნაწილი საცხოვრებელია. ჩრდილოეთისას სამეურნეო დანიშნულებისათვის იყენებდნენ. სახლისა და გვერდითას II სართულები ერთმანეთს საერთო კარით უკავშირდება. სახლისა და გვერდითას ბანზე კალოა. უკან სამი მხრიდან კედლის შემოზღუდული ფარდულია, სადაც ინახავდნენ სამეურნეო იარაღსა და ძნის, თავისა და ჩალის მარაგს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]