სიმონ გუგუნავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გუგუნავა, სიმონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუგუნავა (მრავალმნიშვნელოვანი).
სიმონ გუგუნავა
დაბადების თარიღი 30 ივნისი, 1839(1839-06-30)
დაბადების ადგილი ძიმითი, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 ივლისი, 1909(1909-07-18) (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
ფსევდონიმი ძიმითელი მეჩანგე
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Magnum opus თამარიანი
გავლენა მოახდინეს

სიმონ გუგუნავა (დ. 30 ივნისი, 1839 — გ. 18 ივლისი, 1909, ქუთაისი) — ქართველი პოეტი, პოემა „თამარიანის“ ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფელ ძიმითში, თავად დავით გუგუნავას ოჯახში. მისი დედა ელისაბედ მიქელაძე წიგნის მოყვარული და განათლებული ქალი იყო. ოჯახში მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონიათ. სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1872 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ასულ ფედოსიზე, რომელიც სილამაზით ყოფილა განთქმული. 1884-1888 წლებში იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი. მიაღწია პორუჩიკის ჩინამდე. 1889-1898 წლებში იყო ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1892 წელს ფირალობის საკითხზე დაუპირისპირდა მაზრის უფროსს, ოტია დადეშქელიანს. ამის ნიადაგზე დადეშქელიანი მოხსნეს. 1898-1904 წლებში იყო ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე.

1888 წ. გამოიცა გუგუნავას პოემა „თამარიანი. ლექსად თქმული“, რომელიც გრიგოლ რჩეულიშვილის ისტორიული რომანის „თამარ ბატონიშვილის“ პოეტური გადამუშავებაა. გადმოცემის თანახმად გურიის სოფელ გორაბერეჟოულში, აკაკი წერეთლის რჩევით, რაფიელ ერისთავი და სიმონ გუგუნავა ერთამენთს გაეჯიბრნენ, რომელი მათგანი გალექსავდა უკეთ გრიგოლ რჩეულიშვილის ისტორიულ რომანს „თამარ ბატონიშვილი“. ორივე ავტორის „თამარიანი“ 1888 წელს გამოიცა. გუგუნავას პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა. „თამარიანმა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა (1893-1990 წწ. თერთმეტჯერ გამოიცა). მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო, ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა, განსაკუთრებით პოპულარული გახდა „შალვა, ჩემო სიყვარულო“.

თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში „დროება“, „კვალი“, „მწყემსი“, „მოამბე“. 1893-1895 წლებში ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს. გუგუნავას ეკუთვნის რამდენიმე ლექსი, მათ შორის „დედაენა“[1], „მოხუცის ანდერძი“[2], „ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას“. მას აგრეთვე ეუთვნის სარეცენზიო სტატია „ქართული გალობის გამო“[3]. მისი სხვა ლექსები და პოემა „ტყვე სასტიკი ზამთრისა“ დაკარგულია სოფელ ნაგომარში გუგუნავას საცხოვრებელი სახლის, „პოეზიის სასახლის“ დაწვის გამო.

გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში. გარდაიცვალა ქუთაისში. დაკრძალეს ქუთაისში, ბაკისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიასთან. 1956 წელს გადაასვენეს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]