გრუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრუი, გრუა — ციხესიმაგრე ფეოდალური ხანის საქართველოში, ქსნის ხეობაში, მდინარე ალეურის მარჯვენა შენაკადის გრუისხევის შუაში ამოზიდულ გორაკზე. შემორჩენილია ნანგრევები. გრუი პირველად მოხსენებულია „მატიანე ქართლისაში“ (XI ს.), „ძეგლი ერისთავთაში“ (XIV ს.) იხსენიება გრუი და გრუელნი VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით. X საუკუნეში გრუი წირქოლის ციხესთან ერთად ქართლზე კახეთის სამეფოს პოლიტიკური ბატონობის საყრდენი იყო. ციხეს სამი მხრიდან მდინარე უვლის. სამხრეთ ნაწილში ტიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები სათოფურებიანი მრგვალი კოშკია, რომლის დიამეტრი 6 მ-ს უდრის, ჩრდილო ნაწილში სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევებია. ნაგებობებს შორის ადგილი გარშემორტყმული ყოფილა პარალელური კედლებით. ციხის ნაშთები XIV-XVII საუკუნეებისაა. აქ მოპოვებული კერამიკის ფრაგმენტები (VI-XII სს.) წერილობით ცნობებთან ერთად სარწმუნოს ხდის, რომ გრუის ციხე ჯერ კიდევ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში არსებობდა.

თანამედროვე დროში, ახალგორის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები: ზემო ღრუ და ქვემო ღრუ, რომელთა ეტიმოლოგია გრუის ციხეს უკავშირდება.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ცხოვრებოვა ზ. დ., სამხრეთ ოსეთის ტოპონიმია წერილობით წყაროებში, გვ. 22, თბ.: „მეცნიერება“, 1979.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გრუი&oldid=4507006“-დან