შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ჩარკვიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ჩარკვიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1852[1] [2]
დაბ. ადგილი თბილისი[1] [2]
გარდ. თარიღი 9 მარტი, 1922(1922-03-09)[1] [2]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა გამომცემელი[1] , საზოგადო მოღვაწე[2] [1] და მბეჭდავი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[2] [1]
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[2] [1]
საქართველოს სსრ[2] [1]

გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი (დ. 1852, თბილისი — გ. 9 მარტი, 1922) — ქართველი გამომცემელი, მესტამბე და საზოგადო მოღვაწე.

გრიგოლ ჩარკვიანი დაიბადა 1852 წელს, თბილისში. ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო კულტურულ საქმიანობაში. 1871 წელს იყო ნაძალადევის თეატრის დაარსების ინიციატორთა შორის. 1875 წელს იოსებ მელიქიშვილთან ერთად დაიწყო წიგნების გამოცემა, ხოლო მოგვიანებით ეს საქმე დამოუკიდებლად განაგრძო.

1879-1880 წლებში ჩარკვიანმა თბილისში გახსნა საკუთარი სტამბა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნულ საგამომცემლო საქმეში. მის სტამბაში გამოიცემოდა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართული ლიტერატურა. ჩარკვიანმა გამოსცა: გრიგოლ რჩეულიშვილის - „თამარ ბატონიშვილი“, შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანი“ (მერვე გამოცემა, 1887), დანიელ ჭონქაძის - „სურამის ციხე“, ლერმონტოვის - „დემონი“ და სხვა.

1878 წელს, ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე ჩარკვიანმა დააარსა „ქართული წიგნის მაღაზია გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანისა“. მაღაზია სწრაფად იქცა ქართული ინტელიგენციის თავშეყრის ადგილად. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ყახბეგი, ნიკო ღოღობერიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე და სხვები. მაღაზია ფაქტობრივად ეროვნული კულტურის ცენტრად იქცა, სადაც წყდებოდა ქართული წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები. 1878-1888 წლების კატალოგები მიუთითებს, რომ მაღაზიაში იყიდებოდა მრავალჟანროვანი ქართული ლიტერატურა: საღმრთო სჯული, სახელმძღვანელოები, საყმაწვილო ლიტერატურა, საორიგინალო ნაწარმოებები, პოეზია, თარგმანები, ისტორიული და მეცნიერული ნაშრომები. აქვე იყიდებოდა შლიტერის მიერ ჩარკვიანის შეკვეთით დამზადებული შოთა რუსთაველის თაბაშირის ბიუსტიც.

გრიგოლ ჩარკვიანი გამოირჩეოდა კალენდრების გამოცემითაც, ამ საქმიანობას იგი 30 წლის განმავლობაში ეწეოდა. 1889 წელს მან გამოსცა „საერო კალენდარი მხატვრობით“, ხოლო 1904 წლიდან - „ძმობის კალენდარი“ ქართველთა, კათოლიკეთა, სომეხთა, მაჰმადიანთა და ებრაელთა. კალენდრები შეიცავდა როგორც საკალენდრო ცნობებს, ისე ქართველ წმინდანთა ცხოვრების მოკლე აღწერებსა და ისტორიულ მასალებს. 1907 წლისთვის, „დაუშვებელი“ გამოცემების გამო, რომელიც იწვევდა ხელისუფლების უკმაყოფილებას, ჩარკვიანი ზეწოლის ქვეშ მოექცა და საბოლოოდ მოუწია სტამბის გაყიდვა.

გრიგოლ ჩარკვიანი გარდაიცვალა 1922 წლის 9 მარტს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, მეუღლესთან - ელისაბედ ჩიგიანთან ერთად. მისი მოღვაწეობა დღემდე ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ქართული წიგნის, განათლებისა და კულტურის განვითარების ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Society for the Promotion of Literacy among Georgians Members, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიTbilisi: National Library of Georgia, 2010.
  2. 1 2 3 4 5 6 7 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.