გრიგოლ საკვირველთმოქმედი (III)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლ საკვირველთმოქმედი.
წმინდა გრიგოლ საკვირველთმოქმედის ხატი

წმინდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი (ბერძ. Γρηγοριος ο Θανματονργος) — ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (ნათლისღებამდე — თეოდორე), მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ნოემბერი, ახალი სტილით — 30 ნოემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ნეოკესარიაში, (მცირე აზიის ჩრდილოეთი), წარმართულ ოჯახში. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი ძმასთან, ათინოდორესთან ერთად ბირითში გაემგზავრა, რომ იქაურ სამართლისმცოდნეობის ცნობილ სკოლაში დაესრულებინა სწავლა. გზად ჭაბუკებმა კესარიაში გაიარეს, სადაც იმჟამად ალექსანდრიის სასწავლებლის დიდი მოძღვარი, ხუცესი ორიგენე ასწავლიდა ფილოსოფიას. ორიგენეს გაცნობის შემდეგ თეოდორემ და ათინოდორემ გადაწყვიტეს, გზა აღარ განეგრძოთ და მას დამოწაფებოდნენ. მისი ხელმძღვანელობით შეიმეცნეს ყმაწვილებმა ცისა და ქვეყნის შემოქმედი უფალი, გულისხმაყვეს, რომ სიბრძნე და ჭეშმარიტება მხოლოდ სახარების მაცხოვნებელ სწავლებაშია, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას თეოდორეს გრიგოლი ეწოდა.

გრიგოლის მოსაგრე ცხოვრება, კეთილგონიერება, სიწმინდე და უანგარობა შურით ავსებდა მის წარმართ თანატოლებს, ამიტომ გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ ნეტარის სახელი. ერთხელ, როდესაც გრიგოლი მოედანზე მოძღვრებს ესაუბრებოდა, მას ქალაქში ცნობილი მეძავი მიუახლოვდა და საზღაური მოსთხოვა თითქოს მასთან ჩადენილი ცოდვისთვის. თავდაპირველად წმინდანმა ქალს მშვიდად უპასუხა, ცდები, სხვაში გეშლებიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლმა მეგობარს მეძავისთვის ფულის მიცემა სთხოვა. როგორც კი დედაკაცმა არამი საზღაური მიითვალა, ეშმაკი ეკვეთა მას და მიწას დაანარცხა. ბოლოს ბოროტისგან გვემული ცილისმწამებელი ტყუილში გამოტყდა, წმინდა გრიგოლმა კი ილოცა მისთვის და ეშმაკისგან დაიხსნა.

ნეოკესარიაში დაბრუნებულმა გრიგოლმა უარი თქვა საერო მოღვაწეობაზე და უდაბნოში გავიდა. წმინდა მამა შეეთვისა მეუდაბნოე ცხოვრებას და სურდა, სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებით ეღვაწა, მაგრამ უფალი სხვაგვარად სჯიდა.

როცა კაბადოკიის ქალაქ ამასიის ეპისკოპოსმა, ფედიმმა შეიტყო გრიგოლის მოსაგრეობის შესახებ, გადაწყვიტა, იგი ნეოკესარიის ეპისკოპოსად დაედგინა. უფლის რჩეულმა სულით განჭვრიტა მეუფის სურვილი და მის საძებრად გაგზავნილ შუაკაცებს დაემალა. მაშინ ფედიმმა წმიდანი დაუსწრებლად დაადგინა ნეოკესარიის მღვდელმთავრად. ნეტარმა გრიგოლმა ეს განსაკუთრებული მოვლენა ღვთის ნების გამოვლენად ჩათვალა და ურჩობა ვერ გაბედა. ეს ეპიზოდი ღირსი მამის ცხოვრებიდან წმინდა გრიგოლ ნოსელის (ხს. 23 იანვარს) გადმოცემამ შემოგვინახა. მანვე გვამცნო, რომ სამღვდელმთავრო ხარისხი წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელმა ეპისკოპოს რედიმოს ამასიელის მიერ მიიღო.

ქიროტონიის წინ, რომლის დროსაც სარწმუნოების სიმბოლო უნდა წარმოეთქვა, ნეტარი გრიგოლი მხურვალედ ლოცულობდა უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ და ევედრებოდა, ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტი თაყვანისცემის წესი გაეცხადებინათ მისთვის.

ლოცვის დროს წმინდანს მზესავით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით მოციქულმა იოანემ ასწავლა ნეტარს, თუ როგორ უნდა ვაღიარებდეთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოს. სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც გრიგოლ ნეოკესარიელის მიერ გადმოგვეცა, უდიდესი საღვთო განცხადებაა ეკლესიის ისტორიაში. მას ეყრდნობა სწავლება წმინდა სამების შესახებ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. მოგვიანებით იგი შეავსეს ეკლესიის წმინდა მამებმა:ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა. წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის სიმბოლო განიხილეს და მოიწონესI მსოფლიო კრებაზე (325 წ.).

ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი ნეოკესარიისკენ გაემართა. გზად, ამასიაში მან წარმართული ტაძრიდან ეშმაკები გაასხა, რის შემდეგაც საკერპოს ქურუმი ქრისტიანობაზე მოექცა. წმინდა გრიგოლის ქადაგებებს ქრისტეს სახელით აღსრულებული სასწაულები მატებდა ძალას: მემკვიდრეობის გაყოფისას ორ ძმას შორის უთანხმოება წარმოიშვა გარდაცვლილი მამის მამულში მდებარე ტბის გამო. ორივენი თავის ირგვლივ მეგობრებსა და მომხრეებს იკრებდნენ და საქმეს ცუდი პირი უჩანდა. მღვდელმთავარმა გრიგოლმა შეაგონა მათ, საქმის განხილვა მომდევნო დღისთვის გადაედოთ, თვითონ კი მთელი ღამე განხეთქილების მიზეზად გამხდარი ტბის ნაპირთან ლოცვაში გაატარა. როდესაც ინათა, ყველამ იხილა, რომ შფოთის მიზეზი არ არსებობდა - ტბა მიწის ქვეშ დანთქმულიყო. ერთხელ, წყალდიდობისას, წმინდანმა ილოცა, ჯებირებიდან გადმოსულ მდინარეს კვერთხით საზღვარი მიუჩინა და წყლის ნაკადი შეაჩერა. ცნობილია ერთი ასეთი შემთხვევაც: ნეტარმა გრიგოლმა ეკლესიის აშენება გადაწყვიტა და მთას ქრისტეს სახელით უბრძანა, ჩაწეულიყო, რომ საძირკვლისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. გორაც მორჩილად დაჰყვა წმიდანის ბრძანებას.

როცა იმპერატორმა დეციუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მღვდელმთავარი გრიგოლი თავის სამწყსოსთან ერთად მოშორებით მდებარე მთას შეეხიზნა. მეომრებმა მთას ალყა შემოარტყეს. მღვდელმთავარი გაშლილ ადგილას გამოვიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო, თავის დიაკონს უბრძანა, ასევე მოქცეულიყო და ლოცვა დაიწყო. მხედრებმა მთელი მთა გაჩხრიკეს, რამდენიმეჯერ ჩაუარეს მლოცველებს, მაგრამ ვერ დაინახეს ისინი და უკანვე გაბრუნდნენ.

დევნის შეწყვეტის შემდეგ წმინდა გრიგოლი ნეოკესარიაში დაბრუნდა. მისი კურთხევით დადგინდა საეკლესიო დღესასწაულები ქრისტესთვის აღსრულებულ მოწამეთა მოსახსენებლად. იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა ერეტიკოს პავლე სამოსატელის ერესი (სამოსატი - ქალაქი სირიაში). რომელიც თავისი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით მრავალ ქრისტიანს უბინდავდა გონებას. პავლე სამოსატელის ერესი დაგმეს ანტიოქიის პირველ კრებაზე 264 წელს, რომელსაც გრიგოლ ნეოკესარიელი ხელმძღვანელობდა.

წმინდა მწყემსმთავარი თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთამაგონებელი ქადაგებებით, სასწაულებითა და სამწყსოს ბრძნული მართვით სულ უფრო და უფრო ამრავლებდა ქრისტიანთა რიცხვს. ნეტარის მიცვალების დროისთვის (დაახლ. 266-270) ნეოკესარიაში ჩვიდმეტი წარმართიღა დარჩა მაშინ, როდესაც სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრებისას ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ ჩვიდმეტი ქრისტიანი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 269.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
  • გოზალიშვილი, გ. „ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის წარსულიდან“, თბილისი, 1965