გრიგოლ მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მესხი.

გრიგოლ პართენის ძე მესხი (დ. 18 თებერვალი, 1884, სოფ. კორდი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 21 აპრილი, 1971, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ჯერ თბილისის, ხოლო 1905 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ რუსული ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები ა. კორინი, ნ. კასატკინი, ლ. პასტერნაკი, ვ. სეროვი. პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული სამშობლოში დაბრუნებულიყო და მის თანაკურსელ ალექსანდრე ციმაკურიძესთან ერთად თბილისში მოაწყო რუს მხატვართა ნამუშევრების გამფენა, რომლებიც თან ჩამოიტანეს ახალგაზრდებმა. ეს იყო მოსკოველ მხატვართა პირველი პერსონალური გამოფენა. ამ გამფენაზე ახალგაზრდა მხატვარი თავად წარდგა ქართველი საზოგადოების წინაშე.

1909 წელს გრიგოლ მესხი მიიწვიეს ქართული დრამის თეატრში მთავარ დეკორატორად. ამან გარკვეული როლი შეასრულა მის შემოქმედებაში. მან შთამომავლობას დაუტოვა ქართული სცენის კორიფეთა კოტე მესხის, ვასო აბაშიძის, ლადო მესხიშვილის, ნატო გაბუნიას და სხვათა პორტრეტები. ამავე პერიოდში შექმნილი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ ოცხელის, დიმიტრი არაყიშვილის სახეები. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სახელოვანი მამულიშვილების გალერეა გაამდიდრა ივანე ჯავახიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, ალექსანდრე ჯაფარიძისა და სხვათა შესანიშნავი სურათებით.

საგულისხმოა გრიგოლ მესხის პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ორ ათეული წლის მანძილზე სათავეში ედგა ხატვისა და ფერწერის კაბინეტს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 267, თბ., 1994