გრიგოლ კიკნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ კიკნაძე
დაბ. თარიღი 1909
ხაშური
გარდ. თარიღი 1974, 14 აპრილი
თბილისი
პროფესია ლიტერატურათმცოდნე
მეუღლე(ები) დარეჯან რამიშვილი

გრიგოლ კიკნაძე (დ.1909, ხაშური, — გ. 14 აპრილი, 1974, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ კონსტანტინეს ძე კიკნაძე დაიბადა 1909 წელს, ხაშურში. მისი მამა რკინიგზელი იყო, დედა დიასახლისი. გრიგოლის მამა 1910 წელს მეფის მთავრობის მიერ რუსეთში გადაასახლეს, 1914 წელს კი დედამ ის და მისი და–ძმა როსტოვში, მამასთან წაიყვანა. ოჯახი 1917 წელს დაბრუნდა ხაშურში. 8 წლის გრიგოლ კიკნაძემ ხაშურის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა.

გრიგოლ კიკნაძემ 1925 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია და ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში. მან უნივერსიტეტი 1929 წელს დაამთავრა და 20 წლის ასაკში ქ. ფოთის ინდუსტრიულ ტექნიკუმში დანიშნეს მასწავლებლად, სადაც მასზე უფროსი მოსწავლეებიც იყვნენ. ამის შემდეგ მუშაობდა ქ. ბათუმში და სხვადასხვა თანამდებობებზე განათლების სფეროში. 1935 წელს იგი თბილისში გადავიდა. ჯერ პედ. ინსტიტუტში მუშაობდა, ხოლო 1938 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში.

გრიგოლ კიკნაძემ 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,ილია ჭავჭავაძე, როგორც ხელოვანი". იმავე წლიდან ის თბილისის უნივერსიტეტის დოცენტია, პარალელურად 1941–1947 წლებში თეატრალური ინსტიტუტის ლიტერატურათმცოდნეობის კათედრის გამგეა. 1942–1950 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.

1945 წელს გრიგოლ კიკნაძემ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა ნაშრომი ,,ვაჟა–ფშაველას შემოქედება". დაცვის წინა დღეს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა კოლექტიური წერილი–დასმენა , რომელშიც დასაცავად გამზადებული, ჯერ გამოუქვეყნებელი ნაშრომი მხილებული იყო ,,ანტიმარქსისტულობისა და იდეურ მანკიერებაში". დაცვა მაინც შედგა. ნაშრომი ბრწყინვალედ შეაფასა აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ, აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ. დისერტანტს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, თუმცა სამეცნიერო საბჭოს ,,ზემდგომმა ინსტანციებმა" სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევა უბრძანეს, რაზეც უნივერსიტეტის რექტორმა აკად. ალექსანდრე ჯანელიძემ უარი განაცხადა, თუმცა ახალმა რექტორმა ეს მაინც მოახერხა.

1952 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ კიკნაძის მონოგრაფია ,,ქართული სატირისა და იუმორის განვითარების ისტორიისათვის" (მეორედ გამოიცა 1972 წელს. თეორიულ საკითხებთან ერთად წიგნში განხილულია გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის სატირისა და იუმორის კონკრეტული საკითხები.

1957 წელს ცალკე წიგნად გამოიცა გრიგოლ კიკნაძის სადოქტორო დისერტაცია ,,ვაჟა–ფშაველას შემოქმედება" (მეორედ გამოიცა 1989 წელს). ამავე წელს გამოქვეყნდა მისი მეორე მონოგრაფია ,,მეტყველების სტილის საკითხები".

1962 წელს, აკად. ევგენი ხარაძის რექტორობის დროს, ხელახალი ხარისხის დაცვის გარეშე გრიგოლ კიკნაძე აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე.

გრიგოლ კიკნაძეს ეკუთვნის გამოკვლევები ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილი, გალაქტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ა. კალანდაძის, ა. პუშკინის და სხვათა შემოქმედების შესახებ.

გარდა დიდი მონოგრაფიისა გრიგოლ კიკნაძემ ვაჟა-ფშაველას მიუძღვნა წერილები ,,ვაჟას ფენომენი", "ვაჟა–ფშაველა ზიგმუნდ ფროიდის წინააღმდეგ" (1966), "ვაჟა–ფშაველა ლიტერატურასა და ხელოვნების შესახებ" (1967) და სხვა.

გრიგოლ კიკნაძე დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.

გარდაიცვალა 1974 წლის 14 აპრილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ნარკვევები ხაშურის რაიონის სახალხო განათლების ისტორიიდან, წიგნი III, ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, ხაშური, 2014