შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ზარდალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ზარდალიშვილი
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1914(1914-08-01)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1979(1979-10-28) (65 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გრიგოლ ზარდალიშვილი (დ. 1 აგვისტო, 1914, ქუთაისი, — გ. 28 ოქტომბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979). 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის თანამშრომელი. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1964 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის გამგე, 1966-69 წლებში ქსე-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოსა და პრეზიდიუმის წევრი. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ მეთოდიკურ დამატებას — „ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში“. გრიგოლ ზარდალიშვილის ძირითადი შრომები შეეხება საქართველოს ეკონომიკური დარაიონების პრობლემებს, გეოგრაფიული კვლევის ისტორიულ საკითხებს, საინტერესო ცნობები შეაგროვა ქართველი მოგზაურის რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობის შესახებ. შრომებში მოცემულია საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს დასახლებული პუნქტების, მათ შორის თბილისის და მისი მიდამოების სახელწოდებათა ახსნა.

  • გეოგრაფიულ სახელწოდებათა ახსნა-განმარტება, თბ., 1965 (თანაავტ.);
  • გამოჩენილი ქართველი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1966;
  • ოცდაშვიდი წელი აზიის ქვეყნებში, თბ., 1971;
  • თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმიკა, თბ., 1977;
  • Экономическая география Грузинской ССР, Тб., 1983.