გრიგოლ ვენაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გრიგოლ იობის (იოველის) ვენაძე (ინაშვილი) (დ. 25 იანვარი, 1896, თბილისი — გ. 22 ივლისი, 1968, იქვე) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მუშის ოჯახში. დაამთავრა რკინიგზის სასწავლებელი და მუშაობდა ზეინკლად ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. 1913 წლიდან მონაწილეობს ნაძალევიდეს სცენისმოყვარულთა დრამატული წრის სპექტაკლებში, კარგი ხმის წყალობით პარალელურად, ხალხური სიმღერების გუნდის სოლისტია, ხოლო მოგვიანებით იწვევენ ოპერეტის დასში.

1918 წელს შევიდა ვ. როდნოვის საოპერო სტუდიაში, შემდეგ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. სწავლის პერიოდშივე მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებში, რომლის სოლისტი იყო 1941 წლამდე. მას შესრულებული აქვს თბილისის საოპერო სცენაზე ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია: მურმანი, კაიზო („აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), აბდულ არაბი („თქმულება შოთა რუსთაველზე“), გოჩა („დარეჯან ცბიერი“), ონეგინი („ევგენი ონეგინი“), ელეცკი („პიკის ქალი“), ჟერმონი („ტრავიატა“) და სხვა. ომის წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიას.

1953 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი. მისი ინიციატივით შეიქმნა ქართული საცირკო კოლექტივი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენიდა თა მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 150, თბ., 1994