გრენლანდიის მყინვარული საფარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრენლანდიის მყინვარული საფარი
Greenland Ice Sheet.jpg
მონაცემები
სისქე 2000-3000 მეტრი
ფართობი 1,710,000 კმ^2

გრენლანდიის მყინვარული საფარი — ფართობით 1.71 მლნ კმ^2[1]-ისა და სისქით 2000-3000 მეტრის მქონე დედამიწაზე სიდიდით მეორე (ანტარქტიკის მყინვარული საფარის შემდეგ) და დედამიწის სიდიდით პირველი კუნძულის - გრენლანდიის მყინვარული საფარი. იგი მთელი კუნძულის 78.9% შეადგენს. მისი ზრდის მიზეზს წარმოადგენს თოვლი, რომელიც საფარზე ეცემა, შემდეგ მის ფენებზე გროვდება, დროთა განმავლობაში კი ყინულად გარდაიქმნება, კომპრესირდება. აქედან გამომდინარე, გამოთვლებით დაადგინეს, რომ მაგარი ყინული, რომელიც საფარის ღრმადაა ჩამარხული, საშუალოდ 11000 წლისაა. გრენლანდიის მყინვარულ საფარს ხშირად ყოფენ 260 აუზად და 7 რეგიონად (სამხრეთ - დასავლეთი, ცენტრალური დასავლეთი, ჩრდილო - დასავლეთი, ჩრდილოეთი, ჩრდილო - აღმოსავლეთი, ცენტრალური აღმოსავლეთი და სამხრეთ - აღმოსავლეთი) ყინულის მიდინების ტიპისა და სიჩქარის, კლიმატის და ყინულის დონის ზრდის მიხედვით. 260 გამოკვლეული მყინვარიდან 217 წყლის ზედაპირზეა აისბერგის სახით და ოკეანესთან ურთიერთქმედებით დნება, ხოლო დანარჩენი 43 სახმელეთოა. მყინვარული საფარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ფართობი 217.207კმ^2-ია და სწორედ ამ რეგიონზე მდებარეობს სახმელეთო მყინვარების 72%.

ყინულის საფარი უფრო სქელია ცენტრში, ვიდრე ნაპირებზე და იზრდება ორ დიდ გუმბათად. ჩრდილოეთის გუმბათი გრენლანდიის ცენტრალური აღმოსავლთით მდებარეობს და ზღვის დონეზე  3000-მეტრს აღწევს. სამხრეთის გუმბათი კი (2500 მეტრი) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ყინულის ფენები, ძირითადად, შემაღლებული მყინვარების გარშემო მიედინება მანამ, სანამ ოკეანემდე მიაღწევს, შედეგად კი უამრავი აისბერგი წარმოიქმნება.

მყინვარული საფარის ქვეშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრენლანდიის მყინვარული საფარის ფენები და მათი ასაკი

ყინულში შეღწევადი რადარით დადგინდა, რომ გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით დიდი ზომის კრატერია ჩამარხული.[2] მისი დიამეტრი 31 კმ-ზე მეტია, ხოლო სიღრმე 320 მეტრს აღწევს. მეცნიერებს ასაკი ჯერ-ჯერობით არ დაუდგენიათ (დაცემა საშუალოდ 11700-2.6 მლნ წლის წინ უნდა მომხდარიყო), თუმცა გაირკვა, რომ იგი რკინის მეტეორიტის დაცემამ წარმოშვა, რომელიც სავარაუდოდ, 1.5 კმ უნდა ყოფილიყო. კრატერი პირველად 2015 წელს შენიშნეს, მაშინ, როდესაც ნასას საფრენი აპარატი ყინულის საფარის გარშემო დაფრინავდა. მისი მისია ყინულის სისქის გაზომვა იყო დედამიწის პოლუსებთან, ხოლო გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით დანახული წრიული ფორმა კრატერის კუთხეს ძალიან მიამსგავსეს. გლაციოლოგმა კურტ კიაერმა და მისმა გუნდმა გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის თვითმფრინავი დაიქირავეს, რომლის რადარიც სხვადასხვა სიხშირის ენერგიის ნაკადებს აგზავნიდა ყინულის მიმართულებით, საბოლოოდ კი ინფორმაცია შეაგროვეს. გრენლანდიაში ეს ერთადერთი კრატერია, ხოლო სიდიდით,  პირველი 25-ში შედის. მეცნიერები კრატერთან ქიმიურ ან გეოლოგიურ მტკიცებულებას ეძებდნენ ასტეროიდის დაცემისა, თუმცა ვერაფერი შეძლეს, ვინაიდან მყინვარის გამდნარი წყალი წლების განმავლობაში ყველანაირ ასტეროიდის ნარჩენებსა თუ მტკიცებულებას გადარეცხავდა.

2019 წელს გრენლანდიის მყინვარული საფარის ქვეშ 56 ტბა აღმოაჩინეს.[3] ამ მოვლენამდე მხოლოდ 4 ასეთი ტბის შესახებ იყო ინფორმაცია ცნობილი. მათში არსებული წყალი კი ძალიან ეხმარებათ მეცნიერებს მყინვარების გამდნარი წყლის მიმართულების შესასწავლად. გამოთვლების მიხედვით, წესით, ასეთი ათასობით მყინვარქვეშა ტბა უნდა არსებობდეს, თუმცა ყინულის სისქიდან გამომდინარე, მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, გლაციოლოგებმა და გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ ყინულის ზედაპირის სიმაღლის ცვალებადობა რათა გაარკვიონ თუ როგორ ივსება თუ შრება ტბები დროთა განმავლობაში. აღმოჩენილი 56 ტბის დაახლოებით ნახევარი აქტიურია, ანუ ხდება მათში არსებული წყლის როგორც აორთქლება, ასევე გამდნარი ყინულებით მომატება.

გლობალური დათბობა და გრენლანდიის მყინვარული საფარის დნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრენლანდიის ლღობის რუკა (8 მაისის მონაცემებით)

საუკუნის ბოლოს, ოკეანის დონის ზრდის 7 სმ. მხოლოდ გრენლანდიის მყინვარული საფარის დნობით იქნება გამოწვეული, რაც მილიონობით კუნძულოვან დასახლებებზე მცხოვრებ ადამიანს საფრთხის ქვეშ აყენებს. ყოველივე ეს გამოწვეულია როგორც ამ არქტიკაზე, ასევე მთელ დედამიწაზე ტემპერატურის სწრაფი მატების გამო. 1992 წლიდან, გრენლანდიაში 3.8 ტრილიონი ტონა ყინული გადნა. 90-იან წლებში მისი დონე 0.1მმ იყო წელში, ახლა კი 7-ჯერ გაიზარდა და 0.7მმ-ია წელში. ლღობის მეორე გამომწვევი მიზეზი პირველს უკავშირდება, ვინაიდან ზღვის დონის მატება იწვევს იმ ყინულის ზედაპირის ფართობის ზრდას, რომელსაც ოკეანესთან აქვს პირდაპირი შეხება და შესაბამისად, დნება. მეცნიერების მიერ მათემატიკური გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ გრენლანდიის ყინულოვანი საფარის ბოლომდე გადნობა ზღვის დონის 7 მეტრით ზრდას გამოიწვევდა. 2013 წელს კი გაირკვა, რომ გრენლანდიის მყინვარების ტემპერატურა 8 გრადუსით მომატებული იყო, რამაც საფარის სისქის საშუალოდ 400 მეტრით გათხელება გამოიწვია. ტემპერატურის კიდევ უფრო გაზრდამ შეიძლება ანტარქტიდის მსგავსად მყინვარული საფარის ზედა ფენებზე ტბების წარმოქმნა გამოიწვიოს. მყინვარულ საფარზე მრავალი ექსპედიცია თუ სამეცნიერო გამოკვლევა ჩატარებულა, მაგალითად 1930 წელს გერმანელმა მეტეოროლოგმა - ალფრედ ვეგენერმა ზღვის დონიდან 3000 მეტრ ყინულზე პირველი პოლარული სადგური გახსნა საიდანაც მეტეოროლოგიურ თუ გლაციოლოგიურ კვლევებს ატარებდა. 1960 წელს ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს პროექტი „Project Iceworm”. 1952-54 წლებში დიდმა ბრიტანეთმა სადგური - „ნორტ-აისი“ გახსნა.

1990-იან წლებში ყინულოვან ფენებში 3028 მეტრ სიღრმეზე ჩავიდა ჭაბურილი, რომელიც მეცნიერებს დაეხმარა გრენლანდიის მყინვარული ფენის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში. როგორც 2013 წლის 30 აგვისტოს ჟურნალმა „მეცნიერებამ“ გამოაქვეყნა, ნასას ყინულგამძლე რადარმა უზარმაზარი, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მყინვართშორისი კანიონი აღმოაჩინა, რომელიც გრენლანდიის ცენტრალური ნაწილიდან არქტიკულ ოკეანემდე ვრცელდება. მისი სიგრძე 750კმ-ზე, სიღრმე 800მ-ზე, ხოლო სიგანე 10 კმ-ზე მეტია.

მყინვარული საფარის მიდინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მყინვარული საფარის გადინების სიჩქარე სხვადასხვა ნაწილებში განსხვავებულია. ნაკლებად ამაღლებულ ყინულებზე იგი საკმაოდ დაბალია (რამდენიმე მეტრი წელში), ხოლო სწრაფად გადინებად მყინვარებში ასობით მეტრსა და კილომეტრს აღწევს წელში. ყინული მყინვარული ფენის გუმბათოვან ცენტრში ყველაზე სქელია და სწორედ აქედან იწყებენ მოძრაობას მანამ, სანამ ოკეანეს არ შეეხებიან.

გრენლანდიის ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრენლანდიაში პოლარული დათვი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მტაცებელი, ისევე როგორც სხვა ცხოველები (მუშკის ხარი, ნარვალი, ლომვეშაპი). ჩრდილოეთის ირემისა და მუშკის ხარს კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება გადააწყდნენ მოგზაურები, განსაკუთრებით კანგერლუსუაკის გარშემო. პოლარული დათვები იშვიათად სტუმრობენ დასახლებულ ადგილებს და მხოლოდ შორეულ სანადირო ადგილებში მოიძებნებიან ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ გრენლანდიის მყინვარულ საფარზე, ისევე როგორც არქტიკული მელიები, ბოცვრები და სხვა მცირე ზომის ძუძუმწოვრები. ხმელეთის ძუძუმწოვრები კი კანადიდან და ალასკიდან იმიგრირდნენ რამდენიმე ათასი წლის წინ.

გრენლანდიის მყინვარული საფარის გადაკვეთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიტიოფ ნანსენი

1882 წელს, 20 წლის ფრიტიოფ ნანსენი ვიკინგების ხომალდს შეუერთდა, რომლებიც გრენლანდიის მიმართულებით მიცურავდნენ. როდესაც ფრიტიოფმა ყინული დაინახა, გადაწყვიტა, რომ უნდა გადაეკვეთა და გეგმაც შექმნა, რომელიც 5 წლის შემდეგ - 1887 წელს წარადგინა. მან მოიფიქრა, რომ გზა არათუ დასახლებული დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან უნდა დაეწყო. ეს ექვსკაციანი ექსპედიცია 1888 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. შტორმისა და მუდმივი სიცივის შემდეგ, უმაღლეს ადგილამდე (2719 მეტრი) მივიდნენ 5 სექტემბერს. გამოზამთრება გოდთაბის დასახლებაში მოუწიათ, სადაც ნანსენმა ესკიმოსები შეისწავლა და ინფორმაციები შეაგროვა წიგნისთვის, რომელიც

3 წლის შემდეგ გამოსცა. ფრიტიოფი და მისი გუნდი 1889 წლის მაისში დაბრუნდნენ.1890 წელს მან კიდევ ერთი გეგმა შეადგინა ახალი ექსპედიციისთვის. მან შეაგროვა იმის მტკიცებულებები, რომ პოლარული ზღვა ციმბირიდან შპიცბერგენისკენ მიედინებოდა და შესთავაზა, რომ აეშენებინათ ისეთი გემი, რომელიც ყინულთან შეჯახების შედეგად არ დაინგრეოდა. შემდეგ კი ამ გემით ციმბირიდან არქტიკული ოკეანით შპიცბერგენში მივიდოდნენ. ამჯერად ფრედერიკ ჯექსონის კუნძულზე გამოიზამთრეს 1895 წლის 26 აგვისტოდან 1896 წლის 19 მაისამდე, საბოლოოდ კი ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "The Greenland Ice Sheet in a Changing Climate", D. Dahl-Jensen, J. Bamber, C.E. Bøggild, E. Buch, J.H. Christensen, K. Dethlo! , M. Fahnestock, S. Marshall, M. Rosing, K. Ste! en, R. Thomas, M. Tru! er, M. van den Broeke and C.J. van der Veen, 2009, Arctic Monitoring and Assessment Programme (AMAP), Norway, ISBN 978-82-7971-052-3,
  • "Greenland Ice Sheet solid ice discharge from 1986 through 2017", Kenneth D. Mankoff, William Colgan, Anne Solgaard, Nanna B. Karlsson, Andreas P. Ahlstrøm,Dirk van As, Jason E. Box, Shfaqat Abbas Khan, Kristian K. Kjeldsen, Jeremie Mouginot, Robert S. Fausto, Department of Glaciology and Climate, Geological Survey of Denmark and Greenland (GEUS), Copenhagen, Denmark DTU Space, National Space Institute, Department of Geodesy, Technical University

of Denmark, Kgs. Lyngby, Denmark, Department of Earth System Science, University of California, Irvine, CA, USA, Received: 12 February 2019 – Discussion started: 21 February 2019 Revised: 21 April 2019 – Accepted: 2 May 2019 – Published: 6 June 2019.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.theguardian.com/science/2020/apr/15/scientists-confirm-dramatic-melting-greenland-ice-sheet https://www.theguardian.com/environment/2019/dec/10/greenland-ice-sheet-melting-seven-times-faster-than-in-1990s https://sciencenordic.com/climate-change-denmark-glacial/deceleration-of-the-greenland-ice-sheet-caused-by-11000-year-old-events/1429351 https://www.bbc.com/news/science-environment-48387030 https://nsidc.org/cryosphere/sotc/ice_sheets.html https://www.britannica.com/biography/Fridtjof-Nansen https://www.frontiersin.org/articles/10.3389/feart.2018.00101/full https://www.pnas.org/content/116/19/9239#ref-30

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Greenland_ice_sheet
  2. https://www.nasa.gov/feature/goddard/2019/nasa-finds-possible-second-impact-crater-under-greenland-ice/
  3. https://1tv.ge/news/grenlandiis-myinvaruli-safaris-qvesh-50-ze-meti-tba-aghmoachines/