გრემის წმინდა სტეფანეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის წმინდა სტეფანეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის დასავლეთით, 4-5 კილომეტრზე მდინარე ბოლიის ხეობაში, მდინარეების ბოლიისა და მასხარის შესართავთან. თარიღდება VI-VII საუკუნით. შედგება სამი ნაწილისაგან: საკურთხევლის , მთავარი და ჩრდილოეთ ეკლესიებისაგან. შენობა მოგვიანებით აღუდგენიათ, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად შეუცვლიათ მთავარი ეკლესიის პირვანდელი სახე. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. აღდგენილი ნაწილები ძირითადად აგურისაა. ძეგლი დაზიანებულია: ჩაქცეულია მთავარი ეკლესიის კამარა და მისი საბჯენი თაღები. მთლიანად დანგრეულია ჩრდილოეთ ეკლესიის შესასვლელები. მას შესასვლელები მხოლოდ სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ჰქონია. შიგნიდან ორივე მკვეთრად გამოხატული ნალისებრი თაღით იყო გადახურული, ხოლო გარედან როგორც გამოიკვეთა თარაზული გადახურვა ჰქონია. განახლების დროს ორივე კარის ღიობში გაცილებით დაბალი, შეისრული თაღით გადახურული კარი მოუწყვიათ. აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის მკვეთრად გამოხატული ნალისებრი აფსიდით, რომლის წინ მცირე სიღრმის ბემის მაგვარი სივრცეა. განახლების დროს ბემა დაულისგრძელებიათ კონქით . აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, მაღალი, თაღოვანი სარკმელი. აფსიდის შუაში დგას აგურით ნაგები გვიანდელი ტრაპეზი, რომლის ძირი კვადრატულია. შუა ნაწილი ცილინდრულია, ხოლო ზემოდან ქვის სწორკუთხა ფილა ხურავს . აფსიდის ორივე მხარეს გეგმით კვადრატული, თითო სათავსია- სამკვეთლო და სადიაკვნე ორივეს მთავარი ეკლესიის, ბემის კედლის სისქეში მოწყობილი ვიწრო გასასვლელით უკავშირდება. სადიაკვნეს მეორე შესასვლელი დასავლეთიდანაც აქვს. კარი გარედან ტიმპანითაა დასრულებული, შიგნით კი - აგურით. შიგნიდან სადიაკვნე გადახურულია, არაწესიერი ფორმის გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიულ საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია სათავსის ოთხივე კუთხეში ირიბად გადებული, ორ-ორი ბრტყელი ქვით. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით. ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით. სამრეკლოს აღმოსავლეთ კედელზე, სარკმლის ქვემოთ, მიდგმულია გვიანდელი ტრაპეზი. აფსიდის გვერდებზე, კედლის სისქეში, მოწყობილია თითო სამარხი კამერა, რომელთა კარის ძირი აღმოსავლეთ ფასადზე ცოკოლიდან ოცდაათიოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეა. დარბაზის გრძივ კედლებზე თავდაპირველად გამოყოფილი იყო ორი წყვილი მარტივი პლასტირი, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. მოგვიანებით, გრძივი კედლების აღდგენისას, არსებულ პილასტრებზე მიუშენებიათ ორჯერ უფრო განიერი პილასტრები, რომლებსაც ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღები. პასტრებს შორის თითო შეისრული თაღია. თაღებს ზემოთ კი - თითო დაბალი, შეისრულთაღოვანი სარკმელი, რომელთა ნახევარი კამარის მრუდშია მოქცეული და შიგნიდან, გარეთკენ მაღლდება. ერთი სარკმელი დასავლეთ შესასვლელის თავზეა. ჩრდილოეთ ეკლესიიდან საძირკველიღაა დარჩენილი. აღმოსავლეთით იგი დასრულებული იყო ნახევრად წრიული აფსიდით. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ შემორჩენილია პილასტირის საყრდენები, რომლებიც ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილებით არიან დაშორებულები. ჩრდილოეთით, როგორც ჩანს, ეკლესია გახსნილი იყო ორ სწორკუთხა სვეტზე დაყრდნობილი სამი თაღით. ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთ ფასადია მორთული, რომლის ზედა, მოგვიანებით განახლებულ ნაწილში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო მოზრდილი ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]