გრემის სწორკუთხა ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის სწორკუთხა ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მეფე-დიდებულთა უბნის ჩრდილოეთ განაპირას. მოსახლეობაში ცნობილია როგორც „აკადემია“, თუმცა ისტორიულ წყაროებში არანაირი ცნობა არ არის შემორჩენილი. ამჟამად დანგრეულია და მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი.

ნაგებობის გეგმა კვადრატს წააგავდა ზომებით (20,5X18,5 მ.), შედგებოდა ორი სხვადასხვა ზომის ნაწილისაგან. აღმოსავლეთ ნაწილი დასავლეთ ნაწილს სამჯერ აღემატება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით განლაგებულია წაგრძელებული, თითქმის თანაბარი ფართობის სამი დარბაზი. მათგან შუა სამხრეთით მდებარე ერთიანია, ჩრდილოეთით მდებარე კი, ორ არათანაბარ სათავსოდ იყო გაყოფილი. ნაგებობის მეორე, მთავარი ნაწილისაგან კედლით გამიჯნული ნაწილის კიდეებში, თითო დიდი ოთახია, რომელთა შორის მოქცეულ ნაწილში, სხვადასახვა ზომის, ოთხი პატარა სათავსო, რომლებიც ჭადრაკულად ყოფილა განალგებული. ისინი სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა.

შენობის კედლები ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და აგურით, ეს ყველაფერი აქა-იქ შემორჩენილი ფრაგმენტებით ირკვევა, დარბაზები მოპირკეთებული იყო აგურით. ნანგრევებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ღია ცისფერი და მუქი ლურჯი ფერის შორენკეცები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]