გრემის საყარაულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის საყარაულო — წმინდა გიორგის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსის დასავლეთით, მთის ქედზე. ეკლესია დარბაზულია. განეკუთვნება XV-XVI საუკუნეებს. მოგვიანებით, როგორც ჩანს XVII საუკუნის I ნახევარში, მასზე კოშკი დაუშენებიათ და საყარაულო ნაგებობად უქცევიათ, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მას ,,საყარაულოს“ უწოდებს. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ღიობების წყობაში და ალაგ-ალაგ კონსტრუქციის ნაწილებში, გამოყენებულია კვადრატული აგური. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული და გარედან საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში ზის. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის გვერდებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. მსგავსი ერთი ნიშა ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. განათებისათვის ყოველ მხარეს თითო, ოდნავ შეისრული თაღით გადახურული სარკმელია. აფსიდი წესიერი ფორმის ქონქითაა გადახურული, დარბაზი - ცილინდრული კამარით. შენობის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ორივე მხარეს, თითო პატარა, სწორკუთხა ნიშაა. კედლები დასრულებული იყო აგურით ნაწყობი ორსაფეხურიანი დავგარდნით. კოშკი ეკლესიაზე მოკლეა, გეგმით კვადრატული. მისი დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთ კედლები ეკლესიის შესაბამისი კედლების გასწვრივაა, ხოლო აღმოსავლეთისა ეკლესიის აღმოსავლეთ კედლიდან თითქმის ორი მეტრით, დასავლეთისკენაა გადაადგილებული და კონქის თაღის ხაზს ემთხვევა, ამიტომ ეკლესიის აღმოსავლეთი ბოლო თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. კოშკის კედლების ზედა ნაწილები მონგრეულია, რის გამოც მისი სართულიანობა არ ირკვევა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია სალოდეების კვალი. ეკლესიას გარშემოუყვებოდა გალავანი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთი მხრიდან ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]