გრემის ნათლისმცემლის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის ნათლისმცემლის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი გრემის სამხრეთ-დასავლეთით 0,7 კილომეტრზე მდინარე ინწობის მარჯვენა ნაპირას, ვაკეებზე. თარიღდება XVI საუკუნით.

კომპლექსში შედის: ორი ეკლესია და ნიში. თავდაპირველად აგურით ნაშენები დარბაზული ეკლესია და ნიში, შემდეგ გუმბათიანი ეკლესია. დარბაზული ეკლესია გეგმით თითქმის კვადრატულია, უაფსიდო. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა, მონგრეულია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილები.

შესასვლელი დასავლეთითაა, რომელიც გარედან საფეხურით შეღრმავებულ ოთხკუთხა არეშია ჩასმული. კარს ზედა ნაწილი მონგრეული აქვს და მისი გადახურვის ფორმა არ დგინდება. შემორჩენილი კვალის მიხედვით, იგი შიგნიდან თარაზულად ყოფილა გადახურული. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში ორი მაღალი და ერთი დაბალი ნიშაა მოწყობილი. სამივე ნიშა გადახურულია ერთმანეთზე მიყრდნობილი ორ-ორი ბრტყელი ქვით. დარბაზი გადახურული იყო შეისრული კამარით. ფასადები სადაა. აღმოსავლეთ კედელი, მორთულობის მიზნით, მოჭიქული ქვითაა მოპირკეთებული. გუმბათიანი ეკლესია გეგმით გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან - ტოლმკლავა ჭერის ფორმისაა, რომლის აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევრად წრიული აფსიდით. გუმბათის ყელი გამოყვანილია აგურისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით, ხოლო მისი ლავგირდანი და სახურავი მთლიანად აგურისაა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი აგურის ნახევრად წრიული თაღითაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევრად წრიული აფსიდია,რომლის ღერძზე ნახევრად წრიულ-თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი ეკლესიის დანარჩენი მკლავების ღერძებზეა, ხოლო ოთხი, გაცილებით მაღალი სარკმელი, გუმბათის ყელშია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი. აფსიდის გვერდებზე განთავსებულია უაფსიდო და ისრული კამარით გადახურული თითო მცირე სათავსო. მათგან ჩრდილოეთისა სამკვეთლოა, სამხრეთისა კი სადიაკვნე. შესასვლელები მათ მხოლოდ აფსიდიდან აქვთ და აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი, თითო თაღოვანი სარკმელით ნათდებიან. მათ ქვემოთ, კედელზე მიდგმულია ნახევრადწრიული მცირე ტრაპეზი. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში პატარა სწორკუთხა ნიშაა. ერთი ნიშა ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელშია, რომელიც ემბაზის დანიშნულებას ასრულებდა. ჯერის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის საფუძვლის წრიულ მოხაზულობაზე გადასახელელად გამოყენებულია აფრები. გუმბათის ყელში, დასავლეთ და ჩრდილოეთ სარკმლებს შორის, მცირე ზომის ოთხკუთხა ხვრელია, რომლის დანიშნულება არ ირკვევა. გარედან შენობას ჩვეულებრივი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის სახე აქვს. ფრონტონით დასრულებული ოთხი მკლავით და ცალფერდა სახურავით გადახურული კუთხის დაბალი ნაწილებით. გუმბათის ყელის წიბოებს ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი აუყვება, რომლებზეც დაყრდნობილია ნახევრადწრიული თაღები, ოთხივე ფასადზე, ფრონტონის არეში. კედლის სიბრტყიდან შვერილი ოთხ-ოთხი აგურით გამოსახულია თითო მარტივი ჯვარი. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ოთხივე მხარეს , თითო სწორკუთხა შეღრმავებაა. კედლები და გუმბათის ყელი დასრულებულია საფეხურებიანი ლავგარდნით, რომელიც შედგება ჩვეულებრივად ნაწყობი და კუთხით შვერილი აგურების რიგების მონაცვლეობით. გუმბათიანი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით , ათიოდე მეტრის მანძილზე, დგას გეგმით კვადრატული, ნატეხი ქვითა და აგურით ნაგები ორფერდასახურავიანი ნიში, რომლის დასავლეთ წახნაგში ნახევრადწრიული თაღით გადახურული შეღრმავებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]