გრან-საპოსოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრან-საპოსოა (ესპ. Gran Saposoa) — არქეოლოგიური ნანგრევების სერია პერუში, ამასონასის რეგიონის ანდურ ტყეებში. აღნიშნული სახელი ძეგლს ამერიკელმა მკვლევარმა ჯინ სავოიმ უწოდა. სავოის ვარაუდით, ესაა კომუმბამდელი ქალაქი კახამარკილია, რომელიც ჩაჩაპოიასის კულტურამ ააგო. ამ ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებენ სხვა მეცნიერები, რადგან ისტორიულ დოკუმენტებში მკაფიოდაა დაფიქსირებული, რომ სახელი „კახამარკილია“ თანამედროვე მაღალმთიან ქალაქ ბოლივარს ერქვა. სავოის ვარაუდით, ნანგრევები ასობით ქვის მრგვალი სტრუქტურისგან შედგება და დაახლოებით 80 კვადრატულ მილს მოიცავს (ქალაქ ბალტიმორის ზომა). მისივე ვარაუდით, დასახლებაში 20 000 ოკუპანტი ცხოვრობდა.[1].

გრან-საპოსოის ნანგრევები სავოიმ და მისმა გუნდმა 1999 წელს აღწერეს, აღმოჩენის შესახებ უმალ ამცნეს ფართო საზოგადოებას. სავოი მკაცრად გააკრიტიკეს დანიელმა, გერმანელმა და ამერიკელმა სწავლულებმა, რომლებიც ძეგლს უკვე კარგად იცნობდნენ და მისი გარკვეული ნაწილები დადასტურებულიც ჰქონდათ. 2005 წლის სექტემბერში, ჯინის ვაჟმა სინ სავოიმ Associated Press-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც იუწყებოდა, რომ ბოლო დაბრუნებისას ძეგლი გუნდს გაძარცვული დახვდა. წერილი არა მარტო პერუს მთავრობას აკრიტიკებდა ძეგლის არასატანადო დაცვის გამო, არამედ სავოის და მის გუნდსაც, რომლებმაც ძეგლის ადგილმდებარეობა გაამხილეს და თავის მხრივ სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყვეს. არქეოლოგიური ნანგრევების დაცვის საკითხი პერუში დღემდე გადაუჭრელი რჩება, იმ დროს, როდესაც მძარცველები და შავი ბაზრის ვაჭრები საკმაოდ დიდ ფინანსებს შოულობენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]