გრაკლის ყორღანული ველი
გრაკლის ყორღანული ველი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში, აშურიანის ველის დასავლეთ ბოლოში, მდინარე მტკვრის მარცხენა ტერასაზე. თარიღდება შუა ბრინჯაოდან, გვიანდელ ბრინჯაოზე გარდამავლი ხანით. 1965 წელს, გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ზ. შატბერდაშვილი). გაითხარა რამდენიმე სხვადასხვა ზომის (დიამეტრი 10-20 მეტრი) ყორღანი. ზოგ მათგანს ირგვლივ ნატეხი ქვა აქვს შემოწყობილი. პირველი ყორღანი მდებარეობს სოფლის მიდამოებში. თარიღდება ძვ. წ. ll ათასწლეულის l ნახევრით. წარმოადგენს დაბალ, კონუსის მოყვანილობის რიყის ქვის ყრილს, რომლის დასაკრძალავი ორმოს (2,1x1,9x2 მეტრი) იატაკი ორ საფეხურადაა მოწყობილი. სამარხში აღმოჩნდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ძირითადად სადა, შავად გამომწვარი გაპრიალებული თიხის ჭურჭელი (23 ცალი). ზოგ შავ ჭურჭელს აგურისფერი სარჩული აქვს. გამოირჩევა სამი ორნამენტიანი ჭურჭელი შემკული კოპებით, სავარცხლისკბილისებრი ნაჭდევითა და ნაპრიალები სახეებით. აღმოღნდა აგრეთვე ჯიხვის მთლიანი ჩონჩხი, რომელსაც თავთან ედო ობსიდიანის მოზრდილი მოზრდილი უფორმო ანატკეცი -- შესაწირავი საქონლის დასაკლავი რიტუალური „დანა“ (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). მეორე, მესამე და მეოთხე ყორღანი დაბალი კონუსის ფორმის ქვაყრილებია, რომლებსაც ირგვლივ (დიამეტრი 10-15 მეტრი) ცალპირად შემოწყობილი აქვთ ნატეხი ქვები. სამარხი ორმოები ოთხი ტიპისაა. სამარხებში აღმოჩნდა ე. წ. ბაიბურთის ტიპის მსგავსი კერამიკული მასალა (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შატბერაშვილი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 152.