შინაარსზე გადასვლა

გო-მიძუნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გო-მიძუნო
იაპონ. 後水尾天皇
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1596(1596-06-29)
დაბადების ადგილი კიოტო
გარდაცვალების თარიღი 11 სექტემბერი, 1680(1680-09-11) (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიოტო
მოქალაქეობა იაპონია
მამა გო-იოძეი
დედა Konoe Sakiko
მეუღლე/ები Tokugawa Masako, Yotsuko, Fujiwara no Mitsuko, Kushige Takako, Sono Kuniko, Tsuguko Yotsutsuji და Minase Ujiko
შვილ(ებ)ი მეისიო, Onna Ni no miya, Akiko-naishinnō, Yoshiko-naishinnō, Go-Kōmyō, Shuchō-hosshinnō, Sōchō-joō, Kamo-no-miya, Bunchi-joō, Teruko-naishinnō, Go-Sai, Richū-joō, Yasuhito, Prince Hachijō, Gyōjo-hosshinnō, Tsuneko-naishinnō, Emperor Reigen, Sukehito-shinnō, Shōjō-hosshinnō, Bunsatsu-nyoō, Niinomiya, Sonkō-hosshinnō, Sonshō-hosshinnō და Seiin-hosshinnō

იმპერატორი გო-მიძუნო (იაპონ. 後水尾天皇, გო-მიძუნო-ტენო:, საკუთარი სახელი კოტოჰიტო იაპონ. 政仁, დ. 29 ივნისი, 1596 — გ. 11 სექტემბერი, 1680) — იაპონიის ისტორიაში 108-ე იმპერატორი, რომელიც ქვეყანას მართავდა 1611 წლიდან 1629 წლამდე. მან სატახტო სახელი მიიღო მიძუნო-ნო-მიკადოს — იგივე იმპერატორ სეივას — პატივსაცემად, ხოლო პრეფიქსი „გო-“ ნიშნავს „შემდგომს“, „მემკვიდრეს“ (ანუ „მიძუნო II“).

იმპერატორი გო-მიძუნო დაიბადა 1596 წლის 29 ივნისს. ის იყო იმპერატორ გო-იოძეის მესამე ვაჟი. ბიჭის დედა იყო ფრეილინა კონოე საკიკო, დაიძიო-დაიძინის, კონოე საკიჰისას ქალიშვილი. ახალშობილს მიენიჭა სახელი პრინცი სან.

1601 წლის 1 თებერვალს სანი სისხლის პრინცად გამოცხადდა.[1] 1611 წლის 5 თებერვალს მან გაიარა სრულწლოვანების ცერემონია და მიიღო სახელი კოტოჰიტო.

1611 წლის 9 მაისს, იმპერატორ გო-იოძეის ტახტიდან გადადგომის გამო, კოტოჰიტომ ტახტი დაიკავა, ხოლო იმავე წლის 24 მაისს გაიარა ინტრონიზაციის ცერემონია. იმის გამო, რომ მას გარდაცვლილი სიოგუნი ტოკუგავა იეიასუ მფარველობდა, კოტოჰიტოს ურთიერთობა მამასთან დაძაბული იყო.

იმპერატორ გო-მიძუნოს მმართველობის დროს, ტოკუგავას სიოგუნატმა გამოსცა მთელი რიგი კანონები, რომლებიც ზღუდავდა საიმპერატორო კარის და დედაქალაქის არისტოკრატიის პოლიტიკურ უფლებებსა და ტრადიციულ პრივილეგიებს. მათ შორის ყველაზე მთავარი იყო 1615 წლის „აკრძალვები იმპერატორისა და არისტოკრატიული საგვარეულოებისთვის“. ამ კანონებმა საიმპერატორო კარი მთლიანად დამოკიდებული გახადა სიოგუნატის კიოტოს ნაცვალზე, ხოლო იმპერატორი — მრჩევლებსა და სიოგუნატის წარმომადგენლებზე.

1620 წელს სიოგუნატმა იმპერატორი გო-მიძუნო აიძულა დაქორწინებულიყო ტოკუგავა კაძუკოზე, მე-2 სიოგუნის, ტოკუგავა ჰიდეტადას ქალიშვილზე. თავდაპირველად მას ხარჭის სტატუსი ჰქონდა, თუმცა სამურაების მთავრობის ზეწოლის შედეგად მონარქი იძულებული გახდა მისთვის იმპერატრიცის ტიტული მიენიჭებინა. ეს იყო პირველი იმპერატრიცა სამურაების საგვარეულოდან, ტაირა-ნო ტოკუკოს, მინისტრ ტაირა-ნო კიიომორის ქალიშვილის, შემდეგ.

1627 წელს სიოგუნატმა კვლავ ზიანი მიაყენა იმპერატორ გო-მიძუნოს ავტორიტეტს „მეწამული სამოსის ინციდენტის“ დროს, რა დროსაც მონარქის მთელი რიგი რესკრიპტები არალეგიტიმურად გამოცხადდა. სიოგუნატმა ასევე აჩვენა თავისი უპატივცემულობა კარის მიმართ, როდესაც საიმპერატორო აუდიენციაზე გაგზავნა კასუგა ნო-ცუბონე (მე-3 სიოგუნის, ტოკუგავა იემიცუს ძიძა და ოკუს — სიოგუნის სასახლის ქალთა ნაწილის — უფროსი), რომელსაც არც ტიტული და არც მოხელის რანგი არ გააჩნდა.

1629 წლის 22 დეკემბერს განაწყენებული იმპერატორი გო-მიძუნო ტახტიდან გადადგა და მიიღო დაიძიო ტენოს ტიტული. ტახტი გადაეცა მის 6 წლის ქალიშვილს, რომელმაც იმპერატრიცა მეისიოს სახელი მიიღო. რადგან მისი დედა ტოკუგავა კაძუკო იყო, მამამ აუკრძალა მას გათხოვება, ხოლო სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მონასტერში გაუშვა. ბერად აღკვეცამდე მან აიძულა ქალიშვილი, ტახტი გადაეცა მისი ნახევარძმის, ცუგუჰიტოსთვის, რომელმაც იმპერატორ გო-კომიოს ტიტული მიიღო. გადადგომის შემდეგ, იმპერატორი გო-მიძუნო განაგებდა კარის საქმეებს თავისი ვაჟების — იმპერატორების გო-კომიოს, გო-საის და რეიგენის — მმართველობის განმავლობაში.

სიცოცხლის განმავლობაში იმპერატორი გო-მიძუნო სწავლობდა იაპონურ ლიტერატურას, პოეზიასა და ისტორიას. ფსევდონიმით გიოკურო („თვალმარგალიტის ნამი“) მან გამოსცა პოეტური „თოლიას ბუდის კრებული“. მონარქი ასევე იყო იკებანასა და მებაღეობის ოსტატი. იმპერატორის ვილა სიუგაკუინში მისი პროექტით შექმნილი ბაღი მე-17 საუკუნის იაპონური პარკული ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ამასთან ერთად, გადამდგარი იმპერატორი ბუდიზმითაც იყო დაინტერესებული და 1651 წელს ენძიოს სახელით ბერად აღიკვეცა.

1680 წლის 11 სექტემბერს გო-მიძუნო 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ცუკინოვას სამარხში, სენრიუ-ძის მონასტრის ტერიტორიაზე, კიოტოს ჰიგასიამას რაიონში.[2]