გოხის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოხის გორა — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის ჩრდილოეთით, სარწყავი არხის პირას, განმხოლოებულ გორაზე. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანით.

გორა ოვალური ფორმისაა. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოვლებული აქვს ტერასისაგან გამომყოფი თხრილი, რომლის სიგანე 40 მეტრია, სიღრმე 20 მეტრი. გორის თხემი წარმოადგენს დიდ მოვაკებულ მოედანს (65x25 მეტრი) ნამოსახლარზე გამოვლინდა ორი კულტურული ფენა. პირველში გვხვდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკ. ჭურჭელი: პირგადაშლილი და მუცელგამობერილი ქოთნები, პირგადაშლილი ჯამები, რომელთა უმეტესობა სქელკეციანია. თხელკეციანი ჭურჭელი ჭურჭელი ცოტაა. კერამიკა ხასიათდება თიხის არაეთგვაროვნებით, გამომწვარია შავად და წითლად. გვხვდება ორმხრივ შავზედაპირიანი, ორმხრივ წითელზედაპირიანი, აგრეთვე წითელზედაპირიანი შავსარჩულიანი და შავზედაპირიანი წითელსარჩულიანი ჭურჭელი. ნამოსახლარს მეორე კულტ. ფენის კერამ. ჭურჭელი ხასიათდება თიხის ერთგვაროვნებით, გამომწვარია შავად, წითლად. ლეგაფრად. მათი კეცი პრიალაზედაპირიანია. გვხვდება დაბალყელიანი, პირგადაშლილი ქოთნები, პროფილირებულპირიანი ჯამები, დიდი და მცირე ზომის ბადიები, ბრტყელძირიანი, მრგვალი და ოვალურგანივკვეთიანი ყურების მქონე დერგები, ამოღარულქუსლიანი სასმისის ნატეხები. ჭურჭელთა უმეტესობა შემკულია ტალღისებრი, ჭდეული, სავარცხლისებრი, თევიფხური ორნამენტით. გვხვდება პრიალა ხაზებისგან შედგენილი რომბული ბადეებიც. ჭურჭელი უმთავრესად ჩარხზეა დამზადებული. მასალა გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანით თარიღდება.

გორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს, თხრილის გარეთ, ტერასაზე აღმოჩნდა ნამოსახლარი, აქაც ორი კულტურული ფენა გამოვლინდა. პირველი ფენის, ადრინდელი ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკა გამორჩევა მრავალგვაროვნებით, გამომწვარია შავად, წითლად, ორკეციანია. გვხვდება შავზედაპირიანი წითელსარჩულიანი და წითელზედაპირიანი შავსარჩულიანი ჭურჭელი, პირგადაშლილი ქოთნები, ჯამების ნატეხები, რომელთა შემორჩენილი ყურის ნაწილი მიერთებულია ჭურჭლის ან ჯამის პირთან. ნამოსახლარის მეორე ფენაში დადასტურდა ორი ლეგაფრად გამომწვარი პატარა ნატეხი. ერთი მათგანის ზედაპირი დაფარულია წვრილი ღარებით, მეორისა შემკულია თევზიფხური ორნამენტით. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]