გოსტაშაბიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გოსტაშაბიშვილები — თავადთა საგვარეულო, ბარათაშვილთა ერთი შტო XVI-XIX საუკუნეებში ქვემო ქართლში.

გოსტაშაბიშვილების გვარის ფუძემდებლად ითვლება გოსტაშაბ ქავთარის ძე ბარათაშვილი, 1523 წელს ბარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გოსტაშაბიშვილების სათავადო მამულები — საგოსტაშაბიშვილო — ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა; ყმა-მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაშაბიშვილების სამფლობელოს ცენტრი იყო სოფ. ამლივი (ახლანდელი ამლევი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული სასაფლაო-მონასტერი. გოსტაშაბიშვილებს სასახლე ჰქონდათ ბირთვისშიც, სასაფლაო-საძვალე კი ბეთანიაში. გოსტაშაბიშვილებს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე 300-მდე ყმა-გლეხი და 10-მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წელს და 1721-1724 წლებში გოსტაშაბიშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამულები დაქუცმაცდა, ლეკიანობის შედეგად კი, XVIII საუკუნის ბოლოსათვის, გოსტაშაბიშვილების ყმა-მამული შემცირდა, რის გამოც ისინი XIX საუკუნეში წვრილ მფლობელებად იქცნენ. გოსტაშაბიშვილების ფეოდალური სახლის უფროსი - მეორე, ხოლო სახლიკაცები - მესამე ხარისხის თავადებად ითვლედბოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 235.
  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3-4, თბ., 1938;