გორული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გორული — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქვემო ქართლში, სოფ. ოფრეთის ახლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი).

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ, მთის დამრეც კალთაზე, საცხოვრებელ ნაგებობათა ანსამბლი ყოფილა, რისგანაც შემორჩენილია კოშკი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნანგრევები და ორი ეკლესია. ნატეხი ქვით ნაგები ეგრეთ წოდებული ზემო ეკლესია ღვთისმშობლის სახელზეა აგებული (მოსახლეობა მას „წმინდა ნიკოლოზს“ უწოდებს). გეგმით სწორკუთხა ერთნავიან შენობას შიგნით, აღმოსავლეთის მხარეს, ნახევარწრიული აფსიდი აქვს. სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით კედლების ნაშთია შემორჩენილი (შესაძლებელია, კარიბჭეებისა და ეკვდერებისა). შესასვლელების ჩუქურთმა ტლანქია. სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე მოთავსებული წარწერის თანახმად, მისი შენება დაწყებულა XVII საუკუნის II ნახევარში ქსნის ერისთავის ქალის, დარეჯანის თაოსნობით როსტომ მეფის დროს და დაუმთავრებიათ გიორგი XI-ის მეფობაში. ნატეხი ქვით ნაგები ქვემო ეკლესიაც ერთნავიანია. ჩრდილოეთის მხარეს მცირე მინაშენი აქვს. მიეკუთვნება XVI–XVII საუკუნეებს.

გეგმით ოთხკუთხა ხუთსართულიანი კოშკი (სავარაუდოდ XVII საუკუნე) უდიდესია მაშინდელ კოშკთა შორის. ნაშენია შედარებით წვრილი, შერჩეული ნატეხი ქვით, უფრო მოზრდილი ქვები კუთხეებშია დაყოლებული, შესასვლელი კი (II სართულზე) თლილ ქვაშია ჩასმული. საფასადო კედლებზე ნაკერები ბათქაშით არის შევსებული, ქვის ნაპირებიც დაფარულია. ყოველ სართულზე ქვის კამარით გადახურული თითო წაგრძელებული ოთახია, II–III და IV სართულებს შორის კედელს მიუყვება ვიწრო ქვის კიბე. მხოლოდ V სართულზე ადიოდნენ მისადგმელი კიბით. საცხოვრებლად IV სართული იყო გამოყენებული — აქვს დიდი ბუხარი, ფართო სარკმლები, თახჩები და სხვ. კოშკს მრავლად ჰქონდა სათოფურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 234, თბ., 1978 წელი.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.