გორის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გორის მუნიციპალიტეტის გერბი
Coat of arms of Gori Munucipality.svg
დეტალები
დამტკიცდა 13 ივლისი, 2018
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი მეწამული ჯვარი, ოქროს მთა, ოქროს ჯვარი, სამი სარტყელი, გადაშლილი ვერცხლის სამი წიგნი, სამი ოქროს ძნა, ცხრაკოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხესიმაგრე (გორის ციხის სიმბოლო)
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი გორი

გორის მინიციპალიტეტის გერბიგორის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. გერბი შექმნილია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ გორის ისტორიულ-კულტურული ნიშნების მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე: გორის მაზრა#გერბები

მუნიციპალიტეტმა პირველი დროშა და გერბი 2010 წელს მიიღო,[1] გერბის ფარის ცენტრში მოთავსებული იყო ვერცხლისფერველიანი მეწამული ფერის ჯვარი. ჯვრის ვერცხლის ველი გერბის ფარს ოთხ ნაწილად ყოფდა, ხოლო მასზე მოთავსებული წითელი ჯვრის მკლავები არ ეხებოდა გერბის ფარის კიდეებს. გერბის ფარის პირველ ნაწილში მეწამულ ველზე მოთავსებული იყო ოქროს მთა, მთის ზემოთ – ოქროს ჰერალდიკური ჯვარი. ოქროს მთას კვეთდა ლაჟვარდისფერი სამი შემცირებული სარტყელი. გერბის ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდისფერ ველზე – სამი გადაშლილი ვერცხლის წიგნი. გერბის ფარის მესამე ნაწილში – ლაჟვარდისფერ ველზე სამი ოქროს ძნა. გერბის ფარის მეოთხე ნაწილში – მეწამულ ველზე ოქროს მთა, ხოლო მთაზე მოთავსებული იყო ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე. ოქროს მთას კვეთდა ლაჟვარდის სამი შემცირებული სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული იყო საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებული იყო გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილი იყო დევიზი „გორი“.[2]

2014 წელს, მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის შემდეგ, თემსა (რაიონსა) და ქალაქს საკუთარი სიმბოლოები დაჭირდა.[1] 2015 წლის 9 ოქტომბერს დამტკიცდა გორის მუნიციპალიტეტის გერბი,[3] რომელიც ემთხვევა ახლანდელ გერბს (იხ. ქვემოთ). 2016 წლის 5 თებერვალს დამტკიცდა თვითმმართველ ქალაქ გორის გერბი: ფარი გადაკვეთილი იყო ჰორიზონტალურად ქონგურისებურად ორ ნაწილად – ლაჟვარდისფერ და მეწამულ ველებად. I ნაწილის ლაჟვარდის მეწამულ ველზე გამოსახული იყო ოქროს გასაღები და ვერცხლის მთა. II ნაწილის მეწამულ ველზე გამოსახული იყო ორი მდინარის შეერთება ვერცხლის სტილიზებული ტალღოვანი შემცირებული სარტყლით. ფარს ზემოთ მოთავსებული იყო საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს გარს ერტყა შესამკობელი – ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებული იყო გერბის დევიზის ვერცხლისფერ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილი იყო გერბის დევიზი „გორი“. სადევიზო ბაფთის ორივე მხარეს გამოსახული იყო ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.[4]

2017 წლის თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ, ქალაქი და თემი კვლავ გაერთიანდა.[1] ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა 2018 წლის 13 ივლისს,[5] თუმცა ისინი მთლიანად ემთხვევა 2015 წელს გორის მუნიციპალიტეტის (და არა ქალაქი გორის) დამტკიცებულ დროშასა და გერბს.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გადაკვეთილია და გაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად) ვერცხლის თეთრი ჯვრით, რომელზეც განთავსებულია მეწამული წითელი მოტივტივე ჯვარი.

  • პირველი ნაწილი — მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა, (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით;
  • მეორე ნაწილი — ლაჟვერდის ველზე გამოსახულია გადაშლილი ვერცხლის (თეთრი) წიგნი;
  • მესამე ნაწილი — ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია ოქროს ძნა;
  • მეოთხე ნაწილი — მეწამულ წითელ ველზე გამოსახულია ოქროს სამი რცხილის ფოთოლი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „გორი“.[5][6]

გერბის ფერები — წითელი, ლურჯი, ოქროსფერი და ვერცხლისფერო სიმბოლურად გამოხატავს გორის მოქალაქეთა მამაცობა და დიდსულოვნებას, ღირსებასა და მამულის ერთგულებას, ძლევამოსილებასა და სიბრძნეს. ძლიერების ემბლემა — ოქროს მთა ზემოთ მოთავსებული ოქროს ჯვრით — ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლზე და სალოცავზე (აგრეთვე, გორის რაიონის ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტზე) — გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიაზე მიუთითებს.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გორის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მეოთხედ შეიცვლება. საინფორმაციო სააგენტო „შიდა ქართლი“ (12 თებერვალი, 2018). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2020.
  2. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (19 აგვისტო, 2010). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2020.
  3. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების — გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (9 ოქტომბერი, 2015). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2020.
  4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების — გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (5 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2020.
  5. 5.0 5.1 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №73 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (13 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2020.
  6. გორის მუნიციპალიტეტი. ჰერალდიკის საბჭო. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2020.