გორგონეიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიღაბი გორგონას გამოსახულებით

გორგონეიონი, გორგონისი (ძვ. ბერძნ. Γοργόνειον — „გორგონას კუთვნილება“) — ნიღაბი მედუზა გორგონის გამოსახულებით.

ანტიკურ პერიოდში წარმოადგენდა ავი თვალისაგან დასაცავ სიმბოლოს, მოგვიანებით მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია დარჩა. იგი გამოისახებოდა ბრინჯაოს კრატერებზე, მოხატულ ლარნაკებზე, არქიტექტურულ ტერაკოტასა და ფრონტონის სკულპტურულ შემკულობაზე. მეტად პოპულარული იყო ჯერ კიდევ არქაული ხანის საბერძნეთში. ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულისათვის უკვე შემუშავდა მისი იკონოგრაფიული ტიპი. მას გამოსახავდნენ მრგვალი სახით, დიდი, გამობურცული თვალებით, მოცინარი პირითა და დაკრეჭილი კბილებით (ზოგჯერ სპილოს ეშვის მსგავსი). გორგონს ენა გარეთ აქვს გამოყოფილი, დიდი ცხვირი კი – დაბრტყელებული. შუბლზე კულულები გველების სახით არის გამოსახული, მედუზა ხშირად წვეროსანია. ძვ. წ. V საუკუნისათვის გორგონის ახალი ტიპი გაჩნდა, რომლის მიხედვითაც იგი უკვე ლამაზი ქალია. გორგონეიონი ხშირადაა დატანილი ატიკურ მოხატულ ლარნაკებზე, როგორც ფარის ემბლემა. დაახლ. ძვ. წ. 530 შემდეგ გორგონეიონი ხშირად გვხვდება ათენას ეგიდაზე, ატიკურ წითელფიგურულ ლარნაკებსა და ქანდაკებებზე.

საქართველოს ტერიტორიაზე გორგონეიონით შემკული ანტეფიქსები აღმოჩენილია ვანის ნაქალაქარზე ძვ. წ. IV საუკუნის პირველი ნახევრის ფენაში, აგრეთვე 1963 წელს ნიჩბისში აღმოჩენილ ბრინჯაოს სურებზე, რომლებზეც ე. წ. „პათეტიკური ტიპის“ გორგონაა გამოსახული, ხოლო თვითონ სურები იტალიკური წარმოების საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება. ისინი ავგუსტუსის ხანით, არა უგვიანეს ახ. წ. I საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968.