გორაძირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორაძირიძვ. წ. VII-IV საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი, წარმართული სატაძრო კომპლექსი სამაროვნითურთ. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულთან, ადგილ „გორაძირზე“, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 2 კმ დაშორებით მდებარე ორი გორიდან უმაღლესზე (ჩრდილოეთით მდებარე გორა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967-1968 წლებში ჩატარებული გათხრებით (ხელმძღვანელი ე. გოგაძე) გამოვლენილი სამაროვანი მოიცავს 3-4 ჰა. აქ გაითხარა სამი ყორღანი და ოთხი ორმოსამარხი. დასტურდება კოლექტიური დაკრძალვა და კრემაცია. სამარხეული მასალა ძირითადად კერამიკაა. მიცვალებულებისათვის ჩაუტანებიათ აგრეთვე ბრინჯაოს ისრისპირი, საკინძი, სამაჯური, ხელშუბისპირები, მშვილდსაკიდი, ღეროვანი საკინძები, ცხოველის ფორმის ბრტყელი აბზინდა, ორნამენტირებული ბალთა, პინცეტი, სამაჯურები (ერთი ოქროს გარსაკრავიანი), სამნაწილიანი ფირფიტოვანი საკიდი ხვია, ცხოველის მინიატიურული ქანდაკება, ბრინჯაოსა და რკინის სატევრები, სარდიონის თეთრი კაჟისებური ქვის, მინისა და პასტის მძივები. გორაძირის ძეგლებში დაკრძალვის წესი და სამარხეული მასალა გამოხატავს კოლხური და აღმოსავლეთ ქართული არქეოლოგიური კულტურების ელემენტთა შერწყმას და სასაზღვრო რეგიონში ამ კულტურის სფეროების სათანადო ეთნოგრაფიულ ნაკადთა შერწყმის პროცესზე უნდა მიუთითებდეს. მასალის ტიპოლოგიური ანალიზით ძეგლი ძვ. წ. VII-VI საუკუნეების ფარგლებში ექცევა. 1997-1998 წლებში გაითხარა სატაძრო კომპლექსი, რომელიც გორის თხემზეა გამართული. იგი ორფენიანია. ზედა ფენა წარმოადგენს დაახლოებით 60-70 მ² ფართობის ფლეთილი ქვით ნაგებ სწორკუთხა შენობას, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ქვის ცალპირი წყობით ნაშენი შიდა კედლის ნაშთიც. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მომწვანო ფერის თიხის, კუბის ფორმის ორი პოდიუმი გაიწმინდა. ფენაში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალიდან (კერამიკა, რკინის ნივთები) ყურადღებას იქცევს თეფშის ფორმის ორი ჭურჭელი, რომელზეც დაძერწილია სფერულმუცლიანი პატარა კოჭბები. ფენა ძვ. წ. V-IV საუკუნეებით თარიღდება. ქვედა ფენა წარმოადგენს ღია, კვადრატულ სამლოცველო მოედანს, რომელიც მოგებული იყო ფილაქვებით (10 სმ X 10 სმ). მის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა მრგვალი, ბრტყელი ლოდი 10 სმ დიამეტრის გამჭოლი ნახვრეტით, რომელიც სავარაუდოდ, სარიტუალო სვეტის ან კერპის ბაზისი უნდა ყოფილიყო. მოედანზე აღმოჩნდა სხვადასხვა ცხოველის და ფრინველის დამწვარი ძვლები (შეწირულობები), ფრაგმენტულად წარმოდგენილია თიხის მრავალრიცხოვანი ჭურჭელი, რკინის ფიბულები და ისრისპირები, ბრინჯაოს სამაჯური, სკვითური ისრისპირი და სხვა. ფენა ძვ. წ. VII-VI სს-ით თარიღდება. თხემის ჩრდ. ნაწილში, მინდორზე გაიწმინდა დიდი ზომის ფლეთილი ქვებით ნაგები ოთხკუთხა შენობის საძირკვლის ნაშთი. მისი შიდა არე დაფარული იყო სამშენებლო ბათქაშით; სავარაუდოდ იგი ქვის საძირკველზე აღმართული ბათქაშით შელესილი ხის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. საბერძნეთიდან შემოტანილი ამფორისა და შავლაკიანი ჭურჭლის მცირე ფრაგმენტები რამდენადმე აზუსტებს ნაგებობის თარიღს და იგი ძვ. წ. V-IV საუკუნეებით განისაზღვრება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგაძე ე., დავლიანიძე ც., გორაძირი, თბ., 1981;
  • გოგაძე ე., მეშველიანი თ., პაპუაშვილი რ., ქორიძე ი., ჯალაბაძე მ., წარმართული ტაძარი გორაძირიდან, «არქეოლოგიური ჟურნალი», V, თბ., 2010.
  • გოგაძე ე., ქორიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 99-100.