გორანის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორანის ეკლესია.

გორანის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის მიდამოებში, ტყეში. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. შენობას სამხრეთიდან ეკვროდა თანადროული მინაშენი, რომელიც ეკლესიასთან წყობით იყო დაკავშირებული. ეკლესიის კედლები რიყის ქვითა და ნატეხი ქვითაა ნაგები. ქვა შერჩეულია და დაწყობილია თარაზულ რიგებად. კონსტრუქციულ ნაწილებში და გარეთა კუთხეებში გამოყენებულია შირიმის დამუშავებული კვადრები. შიდა კედლები შედარებით ნაკლები ზომის ქვებითაა ნაწყობი - თარაზული რიგების გამოყვანის გარეშე.

ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: ჩამოშლილია კამარა, მიწის პირამდეა დანგრეული აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარი - გარეთა კედლების შესაბამისი ნაწილებითურთ. შემორჩენილი კედლები დაბზარულია. ინტერიერში ერია ქვები და კედლის ნანგრევები.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, შიგნიდან კი ხის, თარაზული გადახურვა ჰქონია (შემორჩენილია კვალი).

აფსიდის კედელს სარკმლის სამხრეთ წირთხლი და მასზე დაყრდნობილი თაღის ნაწილი შემორჩა. აფსიდის სამხრეთ ბოლოსთან მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშაა. თითო მსგავსი ნიშა ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშიცაა. სამხრეთ კედელში შიგნიდან და გარედან ბრყტელი ქვით გადახურული სარკმელია გაჭრილი. მისი გვერდები კი, თითო მოგრძო, რიყის ქვით არის გამოყვანილი.

მინაშენი ეკლესიაზე რამდენადმე მოკლეა და ეკლესიის სამხრეთ ფასადის თითქმის შუამდე გაუყვებოდა. იგი უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომელიც ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ხაზზეა. კედელში პატარა, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. მინაშენის სამხრეთ კედელი მიწის პირამდეა დანგრეული. დასავლეთ კედლიდან კი, მცირე ნაწილი მოჩანს. მინაშენი ეკლესიასთან დაკავშირებული ყოფილა თაღოვანი კარით რომლისგანაც შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი და თაღის შესაბამისი ქუსლი. მინაშენი გადახურული ყოფილა კამარით (ნაშთი ეკლესიის სამხრეთ კედელს შემორჩა).

შენობის ფასადებს ეტყობა შეკეთების კვალი. კედლები ალაგ-ალაგ, ტლანქი ნალესობით არის დაფარული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]