გორათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გორათი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამჟამად ხაშურის ერთ-ერთი უბანი, მდებარეობს ქალაქის დასავლეთით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც გორათი, როგორც დასახლებული პუნქტი გვხვდება, 1700 წლით თარიღდება. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ერეკლე I ნაზარალიხანის ბრძანებას ხაშურლებისა და გორათელებისადმი. ერეკლე I აფრთხილებს გორაელებს (ასე არიან მოხსენებული გორათელები დოკუმენტში) ხაშურელებთან ერთად, რომ აღარ შეაწუხონ სურამლები.

რუისის სამწყსოს 1715 წლის დავთრის მიხედვით, აქ ოთხი კომლია, კერძოდ, ნათიშვილი (2), ღონენაშვილი და ზაუტაშვილი.

გორათი 1728 წელს თბილისის ვილაიეთის დიდ დავთარში წარმოდგენილია 18 კომლით. აქ დასახლებულია ერთი აზნაური. აქვეა სახასო მამულები, ვენახი. არის ერთი თვალი წისქვილი, რომლის წლიურის გადასახადი 120 ახჩაა. გადასახადების საერთო რაოდენობა კი 9590 ახჩას შეადგენს.

1793 წლით დათარიღებულ მიწის ნასყიდობის სიგელში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„...ნასყიდობის სიგელი და პირი დაგიწერე და მოგეცი მე მამინაშვილმა ალელმა გაბრიელამ, შვილმან ჩემმან ფარემუზამა, ნონიამ, გურგენამ, დავითამ და ფარსადანამ და მომავალმა სახლისამა ჩემისამან შენ ტაგანაშვილს ბასილასა და შენს ძმას თევდორესა, ოდენს ჩემის ნებით გავიმეტე და მოგყიდე ჩემგანაც ნასყიდი შუბითიძისეული ჩხეიძეებისაგან მოსყიდული გორათს მიწა ზომით ორდღის ნახევრისა ერთი გვერდი ჩაისარაშვილის მიდგმამდინ, მეორე გვერდი, ქიტესა დევაძის მიდგმამდინ, თავს საყდრის გორის ძირამდინ, ბოლოს შოლამდინ.“

როგორც სიგელის ნაწყვეტიდან ჩანს, გორათში მამულები იტრიელ ჩხეიძეებს ეკუთვნოდათ, რაც სხვა დოკუმენტებითაც დასტურდება.

გორათი და აქ მდებარე გორა ძველი ნამოსახლარიცაა, ხაშური-ბორჯომის რკინიგზის ხაზის გაყვანის დროს, XIX საუკუნის 90-იან წლებში, აქ აღმოჩნდა არაერთი საყურადღებო არქეოლოგიური ნივთი. ამასთან დაკავშირებით 1895 წლის 4 იანვარს გაზეთი „ივერია“ წერდა:

ვიკიციტატა
„გორათის ეკლესიის მახლობლად მუშა ლეკებს აღმოუჩენიათ ძველი დროის აკლდამები. გზისთვის საჭირო მიწა თურმე ამ აკლდამებიდან ამოაქვთ და ბევრს სპილენძის ნივთებსაც ჰპოულობენ. ჰპოულობენ დანებს, ხანჯლებს, ისრის ნამტვრევ ბოლოებს, ცულებს და აზიურ სადგისების მინაგვარს რაღაცებსაც, რომლებსაც მშვენიერი ხელოვნება ჯერ კიდევ კარგად ეტყობა. ეს ნივთები სულ სპილენძისაა. ბევრია იმისთანა ნივთებიც, რომლებსაც სახელი ვერ დავარქვი. ბევრს ჰპოულობენ აგრეთვე კრიალოსნებს, ყელის ძეწკვებს, მაკრატლებს და სხვა. ყველა ეს ნივთი ძალიან კარგად შენახულა. ეს ნივთები თურმე რაღაც უპატრონობით იკარგება, რადგან პოვნისთანავე მუშა ლეკები ჰყიდიან... იმისთანა ნივთებიც ჰხვდებათ, რომლებსაც ზედ რაღაც გაუგებარი წარწერა აქვთ.“

ბოლო პერიოდში გორთში საფლავების გაჭრის დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს საბრძოლო და სამეურნეო იარაღები (შუბის პირი, სატევარი, ქვაბი და სხვ.), რომელიც თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებითა და I ათასწლეულის დასაწყისით. შეიმჩნევა სამეურნეო ნაგებობების საძირკვლები და სხვა.

ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს გორათს და დატანილი აქვს რუკაზე. ასევე იცნობს იოანე ბატონიშვილიც, რომელიც აფიქსირებს მას, როგორც მოსახლე სოფელს.

გორათში მდებარეობს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 14, 8 აპრილი, 2019, გვ., 6