გონიოს განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გონიოს განძიII-III საუკუნეების ოქროს ნივთები. აღმოაჩინეს 1974 წელს აჭარაში, გონიოს ციხის აღმოსავლეთით, მთაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლითონის ჭურჭელში მოთავსებული იყო 60-მდე ოქროს ნივთი და ნივთების ფრაგმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია: ფიალა, ბოლოგახსნილი სამაჯურები (2 ცალი), ჭედური, თვალედი გარსაკრავი, მედალიონი (მამაკაცის ჭედური, რელიეფური ბიუსტი), თვალედი ბალთები (4 ცალი), რომლებიც დამაგრებული ყოფილა ტყავის სარტყელზე; ცვარათი შემკული მძივები (2 ცალი), წნული სარტყელი (ან ძეწკვი, 2 ცალი), შტანდარტის თავი, ჭაბუკის ქანდაკებასაკიდი, რომელიც თავსამკაულისა და ქლამიდის მიხედვით, ანტიკური მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟი [დიოსკური (კაბირი) კორიბანტი] უნდა იყოს. სარმატული ცხოველსახოვანი ძეგლების წრეს მიეკუთვნება გარსაკრავი, რომელზეც ცხოველთა ბრძოლის სცენაა გამოსახული. გონიოს განძი საქართველოს სხვა ადგილებში (არმაზისხევი, თაგილონი, ურეკი, ბანძა, კლდეთა და სხვ.) აღმოჩენილი ოქრომჭედლური ნაწარმის ანალოგიურია. იგი უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს მმართველი საზოგადოების ერთ უცნობ წრეს, რომელიც განაგებდა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულს, ცენტრით ციხე-ქალაქ აფსარუნტში (გონიო). გონიოს განძში სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მდიდრული სამარხის ინვენტარი, რომელიც მძარცველებს ადრევე უპოვიათ და გადაუმალავთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე ო., მიქელაძე თ., ხახუტაიშვილი დ., „გონიოს განძი“, თბ., 1980