გომის სპირტისა და არყის კომპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ს. ს. გომის სპირტისა და არყის კომპანია (სააქციო საზოგადოება) — სპირტიანი სასმელების საწარმო საქართველოში.

დაარსდა 1903 წელს სოფ. გომში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), ეწოდებოდა „გომის სპირტის ქარხანა“. აწარმოებდა სპირტრექტიფიკატს შაქრის ჭარხლის ბადაგისა (მელასა) და ჭაჭის ნედლი სპირტისაგან. 1994 წელს ქარხნის პრივატიზების შემდეგ, იგი ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზოგადოება „რექტიფიკატი“, 2006 წლიდან კი დაერქვა „გომის სპირტისა და არყის კომპანია“. 1995-1997 წლებში ქარხანაში განხორციელდა რეკონსტრუქციისა და ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოები: წარმოების მართვა გადაყვანილ იქნა სრულ ავტომატურ რეჟიმში, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური სქემა ხორბლის სპირტის წარმოებისათვის, დაიწყო არყისა და ლიქიორების სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოება-ჩამოსხმა. 2006 წელს კი მოხდა საწარმოს სრული მოდერნიზაცია, დაინერგა ევროპული წარმოების უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, 6-სადგურიანი ფილტრაციის სისტემა ვერცხლის ფილტრით, 2007 წლიდან დაემატა პლატინისა და ოქროს ფილტრაციის სისტემები. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი სახეობაა ხორბლის რექტიფიცირებული სპირტი „რექტიფიკატი“, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის არყის („ლუქსი“, „ორიგინალი“, „პრემიუმი“, „ელიტა“, „კლასიკი“, „პრესტიჟი“), არომატული არყის („პიტნის“, „წიწაკის“, „ტარხუნის“, „თაფლის“, „ლიმონის“), ლიქიორის („კომშის“, „ალუბლის“) დასამზადებლად. კომპანია უშვებს აგრეთვე ჭაჭის არაყსა („ჭაჭა დაძველებული“, „ჭაჭა კაკლის“, „ჭაჭა თაფლის“, „ჭაჭა კლასიკური“) და მრავალგვარი სახეობის ლიმონათს. წარმოების ძირითადი ნედლეულია ხორბალი (როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი) და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილი სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები (თაფლი, წიწაკა, ლიმონი, პიტნა, ტარხუნა, კომში). 1996 წლიდან კომპანიას 49-წლიანი იჯარით აღებული აქვს 300 ჰა მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (კახეთი), სადაც გაშენებულია ქართ. და ფრანგული ვაზის უნიკალური ჯიშები, ხოლო ლიმონათის საწარმოებლად აქვს საკუთარი კომშისა და ალუბლის ბაღები. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია საექსპორტოა და გადის უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში და სხვ. საწარმოს აქვს საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია „კადისი“, რომელიც ეწევა პროდუქციის რეალიზაციას. კომპანიის პროდუქციას სხვადასხვა საერთაშ. გამოფენა-კონკურსზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ. გრან-პრი (2004, თბილისი), 2 ოქროს (2000, 2003 – სანქტ-პეტერბურგი) და 2 ვერცხლის (2000, 2003 – იქვე) მედალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]