ივანე გომელაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გომელაური, ივანე)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომელაური.

ივანე მიხეილის ძე გომელაური (დ. 10 სექტემბერი, 1867, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 8 ნოემბერი, 1951, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე მიხეილის ძე გომელაური დაიბადა 1867 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანში. თავდაპირველად დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა ზემო მაჩხაანში გაგზავნეს, მაგრამ მალევე მირზაანის ახალგახსნილ პირველდაწყებით სასწავლებელში გადაიყვანეს. 1879 წელს ივანე სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო 1886 წლიდან თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას, რომელიც 1890 წელს დაამთავრა; 1890 წლის სექტემბრიდან ივანე ოზურგეთის საქალაქო სკოლის მასწავლებლის თანაშემწედ დაინიშნა; 1896 წელს გომელაური ზუგდიდის საქალაქო სკოლის შტატის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 1898 წლის დასაწყისში თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიწვიეს აღმზრდელ–მასწავლებლად; 1898-1899 წლებში ივანე გომელაური ძველი სენაკის ქართულ სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1899 წლიდან იგი თბილისში ქართველ კათოლიკეთა ორკლასიან სკოლაში იწყებს მუშაობას; 1900 წელს ივანე გომელაურმა არსენ მამულაიშვილთან ერთად დააარსა კერძო სასწავლებელი. 1905 წლის წლის შემოდგომიდან ივანე გომელაური ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ექვსკლასიან სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჭიათურის ფილიალის, დრამატულ საზოგადოების და სახალხო უნივერსიტეტის მუშაობაში. 1917 წელს მასწავლებელთა ყრილობამ ივანე გომელაური თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორად აირჩია. 1920 წელს გომელაურმა თბილისის მე–7 ქალთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1926 წლამდე. 1906 წელს გომელაურმა შეადგინა და გამოსცა ცნობილი სახელმძღვანელო „სკოლებში შესასწავლი ქართველი მწერლები“, რომელსაც იმთავითვე მაღალი შეფასება მისცეს ნიკო ლომოურმა და ლუარსაბ ბოცვაძემ. მისი თანაავტორობით შედგენილი და გამოცემული იქნა აგრეთვე „სამოუჩიტელ გრუზინსკოგო იაზიკა“, „ქრესტომათია არაქართველთათვის“, „ტალღები“ და სხვა. მის სახელმძღვანელოს „სკოლებში შესასწავლი ქართველი მწერლები“ (წგ. I, 1906; წგ. II, 1911; წგ. III, 1920) იყენებდნენ საშუალო სასწავლებლებში 1906-1926 წლებში. თარგმნა ვლადიმერ კოროლენკოს, ანტონ ჩეხოვისა და გერჰარტ ჰაუპტმანის თხზულებები. ასწავლიდა ქართულ ენას თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალგაზეთებთან („ივერია“, „კვალი“, „განათლება“ და სხვ.). იყო ჭიათურის დრამატული საზოგადოებისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის ფილიალის აქტიური წევრი. საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1935 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით ივანე გომელაურს მიენიჭა საქართველოს სს რესპუბლიკის შრომის გმირის წოდება.

1944 წელს სახალხო განათლების დარგში თვალსაჩინო დამსახურებისთვის ივანე გომელაურს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალანია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 91, თბ., 2012 წელი.
  • სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, წგ. 1, თბ., 1953;
  • ქაჯაია ვ., ივანე გომელაური, თბ., 1947.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]