გომარეთის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომარეთის სამაროვანიანტიკური ხანის (ძვ. წ. IV-III სს.) სამაროვანი სოფ. დიდი გომარეთის ტერიტორიაზე (დმანისის მუნიციპალიტეტი).

1962 წელს (დ. თუშაბრამიშვილი) და 1975 წლის (ც. დავლიანიძე) არქეოლოგიურ გათხრებმა გამოავლინა მთლიანი ფილებით ან ლოდებით ნაგები 26 ქვაყუთი. მიცვალებულები ესვენენ მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ მოშავო და ლეგა ფერის, აგრეთვე წითლად შეღებილი თიხის ჭურჭელი (დოქები, ხელადები, ქოთნები, კოჭობები, ჯამები, სასმისები, ზოომორფული გამოსახულებებით შემკული დოქი) და სამკაული (ბრინჯაოსა და რკინის რკალგახსნილი სამაჯურები, ბრინჯაოს რგოლები, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი, მძივები და სხვა), აგრეთვე რკინის შუბისპირი და დანის ნატეხები.

აღმოჩენილი მასალა დამახასიათებელია ქვემო ქართლის ადრინდელი ელინისტური ხანის სამაროვნებისათვის. დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]