შინაარსზე გადასვლა

გოდერძი ტაბატაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდერძი ტაბატაძე
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი, 1939(1939-12-16)[1]
დაბ. ადგილი სსრკ[1]
გარდ. თარიღი 2022[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი, ეკონომისტი, მეცნიერი და პედაგოგი

გოდერძი ტაბატაძე (დ. 16 დეკემბერი, 1939, თბილისი, სსრკ — გ. 2022) — ქართველი გეოლოგი, ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი.

დაიბადა თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით, 1962 წელს. 1962-1965 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მაღაროთა სამმართველო "სადახლოს" ინჟინრად, კირქვების და დოლომიტების საამქროს ცვლის უფროსად. 1965-1979 წლებში გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1977 წლის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1979-1981 წლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვის და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის გამგე. 1981-1983 წლებში გახდა საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ლილოს ნავთობგაზმომპოვებელი სამმართველოს მთავარი ეკონომისტი. 1983-1984 წლებში საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. 1984-1995 წლებში საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ნორმატიულ-საკვლევი სადგურის უფროსი. 1995-2005 წლებში - შპს "ნავთობსამეცნიეროს" ეკონომიკური კვლევების ლაბორატორიის გამგე. 2001 წელს იმყოფებოდა აშშ-ში როგორც საერთაშორისო პროგრამის "ნავთობის შემოსავლების მენეჯმენტის" წევრი. მიღებული აქვს აშშ-ის ალასკის შტატის პარლამენტის ღირსების სერტიფიკატი. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1991 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1991-2006 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიისა და ქიმიურ-მეტალურგიული წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის N49 კათედრის დოცენტი. 2006-2017 წლებში - ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის N49 მიმართულების პროფესორი. კითხულობდა ლექციების კურსს საწარმოთა ეკონომიკასა და მენეჯმენტში. გამოქვეყნებული ჰქონდა 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, სამეცნიერო სტატიები, სახელმძღვანელოები და სხვა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკა იყო ეკონომიკისა და მენეჯმენტის პრობლემები სამთო საქმისა და გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის დარგში. იყო სამეცნიერო ჟურნალ "საქართველოს ნავთობისა და გაზის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, სარედაქციო კოლეგიის წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სემინარისა და კონფერენციის აქტიური მონაწილე.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]