გოდერძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოდერძინასოფლარი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ძინძისწყლის მარჯვენა ნაპირზე. სოფელი სამ უბნად იყოფოდა. შუა უბნის შემაღლებაზე შემორჩენილია ჯამე, ნასოფლარის ზედა ნაწილში – დარანი, დაბალი, ვიწრო შესასვლელით. მას მოსდევს ერთ მთლიან ქვაში გაჭრილი გასასვლელი, რომელიც ქვის კარით იხურება (კარის სიმაღლე 80 სმ და ქუსლზე ტრიალებს). ორი ერთმანეთში გამავალი დარბაზი თანაბარი ფართისაა (8 მ × 2 მ). პირველი დარბაზის მარჯვენა ბოლოში პატარა (2მ × 3მ) სათავსია, მისი გაგრძელება ჩამოქცეულია. სათავსი უთანაბრო სიმაღლისაა (ყველაზე მაღალი – 1,7 მ ). იქვე ახლოს სხვა დარნის ნაკვალევია. მისი შესასვლელი აღარ ჩანს. ნასოფლარის ჩრდილოეთით, დაახლ. 1,5 კმ-ზე, ტყიან ბორცვზე, ერთნავიანი ეკლესიის ბუდეა (5 მ × 10 მ), რომელიც ნათალი და ჩუქურთმიანი ქვებითაა ამოვსებული. ეკლესიის საკურთხევლის წინ, სამხრეთით, არის მომაღლო გათლილი ბაზისი (სიმაღლე – 130 სმ, სიგანე – 60 სმ და 40 სმ), რომელშიც ჯვრის ჩასასმელი ოთხკუთხა ფოსოა ამოჭრილი. პილასტრები ორსაფეხურიანი ყოფილა, სვეტისთავები პროფილირებული და ორღარიანია. შესასვლელი სამხრეთიდან უნდა ყოფილიყო. იქვე გდია წნული ჩუქურთმით შემკული არქიტრავის ნახევარწრიული ლოდი, რომელიც XII–XIII საუკუნეების უნდა იყოს. ნაეკლესიარის სამხრეთით გალავნის ნაშთია, მის შიგნით – კიდევ ერთი სადგომის ბუდე. სოფლიდან ეკლესიისკენ მიმავალი ტყით დაფარული ნაგზაური ჩანს. ქვაყრილებით შექმნილი ორღობე 3,5 მ სიგანისაა, ე. ი. საურმეა.

გოდერძი მნიშვნელოვანი სოფელი უნდა ყოფილიყო განვითარებულ შუა საუკუნეებში. მისი სახელი ეწოდება სამცხიდან აჭარაში მიმავალი გზის უღელტეხილსაც. დასახლებული ადგილი გოდერძის დასახელებით გვხვდება ბასილი ზარზმელის თხზულებაშიც (დაახლ. 916-926 წლები). 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, სოფელი გოდერძი შედიოდა ახალციხის ლივის ქვაბლიანის ნაჰიეში. აქ ცხოვრობდა ცხრა კომლი ქრისტიანი ქართველი. შემდეგში სოფლის მოსახლეობა გამაჰმადიანდა. 1944 წელს გოდერძის მაცხოვრებლები შუა აზიაში გადაასახლეს; ამის შემდეგ იგი ნასოფლარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]