გოგი დოლიძე (კინომცოდნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგი დოლიძე

გოგი დოლიძე
დაბადების სახელი გიორგი დოლიძე
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1934 (1934-04-20) (89 წლის)
ქუთაისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა კინომცოდნე
კინოკრიტიკოსი
კინორეჟისორი
ლიტერატორი
ჟურნალისტი

გიორგი (გოგი) დოლიძე (დ. 20 აპრილი 1934, ქუთაისი) — ქართველი კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი. პროფესორი (1992). ნ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2002).

1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი. 1961-1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო. მისი რეჟისორობით 1981-1987 აღდგენილია 18 ძველი ქართული მხატვრული ფილმი, მათ შორის ალექსანდრე წუწუნავას „ორი მონადირე“, „ხანუმა“, კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“, „კრაზანა“, „კომუნარის ჩიბუხი“; მიხეილ ჭიაურელის „საბა“; დავით რონდელის „უგუბზიარა“; მიხეილ გელოვანის „ნამდვილი კავკასიელი“; ორად ორი შემორჩენილი ფილმი ლადო ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით: „შურისმაძიებელი ღმერთი“ და „ორლოვების ოჯახის სირცხვილი“.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და კრიტიკული წერილები ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ნათარგმნი აქვს მარკ ტვენის „იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები“, მაინ რიდის „ოკეანეში დაკარგული“ და სხვა. 2005 წლიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს „ჩოხოსან რაინდთა დასის“ გამგეობის თავმჯდომარე და საზოგადოების ჟურნალ „რაინდის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორია.

2012 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გოგი დოლიძის წიგნის „ვასილ ამაშუკელი - კავკასიური კინოს პიონერი“ პრეზენტაცია. გოგი დოლიძის მიერ ერთ წიგნად შეკრულ სხვადასხვა პერიოდის პუბლიცისტურ მასალებს თან ერთვის უნიკალური ფოტომასალა და სახელთა საძიებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]