გობრონი (წკრიალაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპისკოპოსი გობრონი (ერისკაცობაში — მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი; დ. 21 ნოემბერი, 1899, თბილისი — გ. 19 თებერვალი, 1954, მცხეთა) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილის მამა — ეფრემი წარმოშობით გორის მაზრის სოფელ შავშვებიდან იყო. 1907-1912 წლებში სწავლობდა კუკიის პეტრე დიდის სახელობის სამოქალაქო ოთხწლიან სკოლაში. 1912-1916 წლებში თბილისის სახელოსნო ოთხწლიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1916-1918 წლებში ინტენსიურად ემზადებოდა სწავლის გასაგრძელებლად. 1918 წლის იანვარში ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე, სადაც ისმენდა ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, აკაკი შანიძის, გრიგოლ წერეთლის, კორნელი კეკელიძის ლექციებს. 1918 წლის 4 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და მიწერილ იქნა საკათალიკოსო სასახლის კარის ეკლესიაზე. 1919 წლის 28 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესი ლეონიდეს მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1919 წლის 20 დეკემბერს ყოვლადსამღვდელო ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის განკარგულებით დაინიშნა ბოდბის დედათა მონასტრის იეროდიაკვნად. 1921 წლის 25 დეკემბერს აღყვანილ იქნა მთავარდიაკვნის ხარისხში. ამავე დროს ასრულებდა საქმის მწარმოებლის მოვალეობას ალავერდის ეპარქიაში. მამა გობრონის თვალწინ გაიარა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების საშინელმა რეპრესიებმა, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ, ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის (ქროპირიძე) მძიმე მდგომარეობამ. 1925 წლის 25 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ იგი განთავისუფლებულ იქნა ხსენებული თანამდებობიდან და გაემგზავრა სომხეთში, სადაც 1930-1935 წლებში სწავლობდა ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში, ვეტერინარიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობდა ცხინვალის რაიონში ვეტექიმად. 1935-1941 წლებში მუშაობდა ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიის საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგედ. 1941-1945 წლებში წალკის რაიონის მთავარი ექიმია. 1945-1946 წლებში გორის რაიონის მთავარი ექიმია.

1946-1950 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონის მთავარ ექიმად. გობრონ წკრიალაშვილმა 51 წლის ასაკში კვლავ მშობელ ეკლესიას მიაშურა. მან ვრცელი წერილით მიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ითხოვა სასულიერო ხარისხში აღდგენა. მეუფე ეფრემმა ამის შესახებ მოახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს კალისტრატეს, რომელმაც დართო ამის ნება. 1950 წლის 27 იანვარს გობრონი აღდგენილ იქნა იეროდიაკვნის ხარისხში, 28 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში და იქვე დაინიშნა მესამე მღვდლის ადგილზე. 1950 წლის 8 თებერვალს გადაიყვანეს სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად და სოხუმის ოლქის კეთილმოწესედ. 1951 წლის 21 აპრილიდან თბილისის კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაშია. 1951 წლის 10 ოქტომბრიდან მღვდელმონაზონი გობრონი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილედ დაადგინეს.

1954 წლის 2 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი გობრონი გამოცხადდა წილკნის ეპისკოპოსად. 3 იანვარს იგი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად სიონის საპატრიარქო ტაძარში. "ვიცი, მომაკვდავი ვარ, - აღნიშნა მან, - მაგრამ ისეთი მადლი გადმოდის ეპისკოპოსად კურთხევის დროს კურთხევაზე, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და გამომაჯამრთელოს და მეც შევძლო ეპისკოპოსად მოღვაწეობა" (56, 90). ზუსტად 48 დღე იყო მეუფე გობრონი წილკნის ეპისკოპოსი, ისე გარდაიცვალა, სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ვერ აღასრულა. დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გალავანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, გვ. 199-201, თბ., 2013
წინამორბედი:
-
წილკნის ეპარქია
2 იანვარი, 195419 თებერვალი, 1954
შემდეგი:
-