გლდანის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გლდანის არქეოლოგიური ძეგლები — თანამედროვე თბილისის, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები.

აქედან უძველესია ხევძმარის სამაროვანზე გათხრილი შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულის (ძვ. წ. II ათასწლეულის II მეოთხედი) რამდენიმე სამარხი. სამარხთა უმეტესი ნაწილი გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანისაა (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი – ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარი).

ამ სამაროვნის მახლობლად, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზეა ამავე ხანის ე. წ. „საბატონოს სამაროვანი". აღნიშნული სამაროვნების თანადროული 2 ნასახლარი მდებარეობს მდ. ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, ერთი — მდინარის კალაპოტში, ხოლო მეორე — მის დასავლეთით, ხევის შედარებით მაღალ ნაპირზე. მდ. გლდანისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ გლდანის სასაფლაოს ახლოს და ძველი გლდანის ტერიტორიაზე, ადგილ „ნარსელასა" და „ისმაილაზე" აკრეფილია გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანის არქეოლეოლოგიური მასალა.

სასაფლაოს მახლობლად არის გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანიც. ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასახლარი სხვადასხვა დროს აგებული ორი ეკლესიითურთ გათხრილია ადგილ „საბატონეზე" (გლდანის მასივის IV და V მიკრორაიონებს შორის). ფეოდალური ხანის ნასახლარები მიკვლეულია „ისმაილას", „ნარსელასა" და ხევძმარის სამაროვნის ტერიტორიაზე. სოფელ გლდანის ტერიტორიაზე რიყიანში 1964 წელს ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს დაინგრა ქვის სამარხები. აღმოჩენილია VI–VIII საუკუნეების ნივთები: ბრინჯაოს საყურეები, ბროწეულის ყვავილის მოყვანილობის მარჯნისთავიანი რკინის საკინძები, რკინის სამაჯურის ნატეხი და სხვ.; მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]