გლაუკიას ტაულანტიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გლაუკიასი (ძვ. ბერძნ. Γλαυκίας) — ილირიული ტომის, ტაულანტიელების მეფე. ძვ. წ. 335 წელს ის და დარდანელების მეფე კლიტოს ილირიელი აპირებდნენ შეჭრას მაკედონიის სამეფოს ტერიტორიაზე, თუმცა დამარცხდნენ ალექსანდრე დიდთან ბრძოლაში, რომელიც გაიმართა ციხესიმაგრე პელიუმთან. პლუტარქეს მიხდვით, 20 წლის შემდეგ, როდესაც ეპიროსის მეფე აეკიდესი გააძევეს ქვეყნიდან, გლაუკიასმა თავშესაფარი მისცა მის შვილს, პიროს ეპიროსელს, რომელსაც შემდეგ მისი ცოლი ბეროა ზრდიდა. მაკედონიის მეფემ კასანდრემ გლაუკიასს მოსთხოვა პიროსის გადაცემა 200 ტალენტის სანაცვლოდ. უარის მიღების შემდეგ ის შეიჭრა ილირიაში და დაამარცხა გლაუკიასი, თუმცა შემდეგ მათ შორის ზავი დაიდო და პიროსი ისევ გლაუკიასთან დარჩა. ძვ. წ. 307 წელს ეპიროსში აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებმა მეფე ალკატეს II მოკლეს. ამით ისარგებლა გლაუკიასმა და 12 წლის პიროსს მისი კუთვნილი ტახტი დაუბრუნა. ამის შემდეგ გლაუკიასის სამეფოს ტერიტორიები აპოლონიამდე გაფართოვდა. მისი სიკვდილის შესახებ ცნობები არ მოიპოვება, თუმცა პლუტარქეს პარალელური ბიოგრაფიების მიხედვით, ძვ. წ. 302 წელს ის ჯერ კიდევ მეფობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]