გიოჯი
გიოჯი — პროფესიული სუმოს მსაჯი იაპონიაში.
ჩვეულებრივ, გიოჯი სუმოს სამყაროში შედის მოზარდობის ასაკში და რჩება იაპონიის სუმოს ასოციაციის თანამშრომლად საპენსიო ასაკის მიღწევამდე (65 წლამდე). ამჟამად ასოციაციაში 40-ზე მეტი გიოჯი ირიცხება, [1] საშუალოდ ერთი გიოჯი ერთ ჰეიაზე. თუმცა რეალურად ზოგ ჰეიაში ერთზე მეტი მსაჯია (მაგალითად, კოკონოე-ბეიაში ორია), ზოგში კი (ასაკაიამა-ბეია) არც ერთი.[2]
გიოჯის მოვალეობაში შედის ორ სუმოისტის დაპირისპირების განსჯა. მას შემდეგ, რაც იობიდაში მეტოქეებს გამოიძახებს დოჰიოზე, გიოჯი კიდევ ერთხელ აცხადებს რიკიშების სახელებს. გიოჯი ხელმძღვანელობს რიკიშების წინასაბრძოლო მომზადების რიტუალს დოჰიოზე, შემდეგ კი კოორდინირებას უწევს სუმოისტების სასტარტო დაჯახებას — ტაჩიაის. იგი იძახის "ჯიკან დესუ ტე ვო ცუიტე" ("დრო მოვიდა, ხელები დაუშვით"), აღმართავს გუნბაის, რითაც ორთაბრძოლის დაწყების სიგნალს იძლევა. როცა მებრძოლები ერთდროულად დაეტაკებიან ერთმანეთს, მსაჯი შესძახებს "ჰაკიოი" ("ჩადე ცოტა შემართება"), მაგრამ თუ ტაჩიაი არ იყო სინქრონული, შეძახილით "მადა-მადა" ("ჯერ არა") გიოჯი შეაჩერებს ორთაბრძოლას, რის შემდეგაც სუმოისტები უბრუნდებიან საწყის პოზიციას და ხელახლა მოემზადებიან ტაჩიაისთვის.
ორთაბრძოლის მიმდინარეობისას გიოჯი ვალდებულია სუმოისტები ამყოფოს საქმის კურსში, რომ ასპარეზობა გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა. ამას იგი ანიშნებს შეძახილით "ნოკოტა-ნოკოტა", რაც დაახლოებით ნიშნავს შემდეგს: "ბრძოლა ჯერ ისევ გრძელდება". თუ ორთაბრძოლის დინამიკა შენელდა ან მეტოქეები სულაც დადგნენ დოჰიოს შუაში, გიოჯი მათ ამხნევებს შეძახილით "ოი, ჰაკიოი, ოი". თუ ორთაბრძოლა 4 წუთს გადააჭარბებს, ერთ-ერთი შიმპანი (გვერდითი მსაჯი) გიოჯის ანიშნებს ამის შესახებ და ეს უკანასკნელი დროებით შეაჩერებს ასპარეზობას, რათა მებრძოლებმა შეისვენონ და წყალი დალიონ. გიოჯი ვალდებულია, ჩაინიშნოს მათი ხელებისა და ფეხების ზუსტი განლაგება და მდგომარეობა, რათა შესვენების შემდეგ ზუსტად იმ პოზიციიდან გაგრძელდეს ბრძოლა, რა პოზიციაშიც იგი შეჩერდა. გიოჯის ბრძოლის შეჩერება შეუძლია ასევე იმ დროს, როდესაც ერთ-ერთ ან ორივე სუმოისტს მავაში გაეხსნება. გიოჯი პირადად მოაწესრიგებს მავაშის და იმ პოზიციიდან გააგრძელებს ორთაბრძოლას, რაშიც შეაჩერა. როდესაც რომელიმე მებრძოლი დაეცემა დოჰიოზე, მსაჯი აცხადებს ბრძოლის დასრულების შესახებ შეძახილით "შობუ არი" ("შედეგი არის") და გუნბაის გაიშვერს იმ მებრძოლის მხარეს, რომელმაც გაიმარჯვა.[3]
გიოჯებს აცვიათ აბრეშუმისგან დამზადებული საგანგებო უნიფორმა, რითაც მკვეთრად გამოირჩევიან სუმოს სამყაროს ყველა სხვა წარმომადგენლისაგან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.sumo.or.jp/EnSumoDataKyokaiMember/gyoji
- ↑ https://www.sumo.or.jp/EnSumoDataSumoBeya/detail/10010/
- ↑ West, Mark (2005). Law in Everyday Japan: Sex, Sumo, Suicide, and Statutes. Chicago: University of Chicago Press. p. 66.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- West, Mark (2005). Law in Everyday Japan: Sex, Sumo, Suicide, and Statutes. Chicago: University of Chicago Press.