გიორგი ჩალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჩალაძე

გიორგი ჩალაძე
დაიბადა 11 თებერვალი, 1931 (1931-02-11) (93 წლის)
დაბადების ადგილი ურავი, ამბროლაურის რაიონი
ეროვნება ქართველი
სფერო ქანდაკება, ფერწერა
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
საქართველოს დამსახურებული მხატვარი;

გიორგი ჩალაძე (დ. 11 თებერვალი 1931, სოფ. ურავი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მხატვარ-მოქანდაკე

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ჩალაძემ ამბროლაურის რაიონში დაამთავრა პედაგოგიური სასწავლებელი და მასწავლებლად განაწესეს ქვ. სვანეთის რაიონში. 1951-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე.

აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში და მალე ხდება საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ცხოვრება და მოღვაწეობა განაგრძო რუსთავში. აქ მან შეკრიბა ადგილობრივი მხატვრების მცირე ჯგუფი და დააარსა მხატვართა გაერთიანება.

1973 წელს გაიმართა რუსთაველ მხატვართა პირველი გამოფენა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. მხატვართა გაერთიანება იზრდებოდა, როგორც რაოდენობით, ისე მისი მხატვრული დონის ამაღლების მხრივ. გიორგი 30 წელი ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას, რამაც დიდი როლი შეიტანა ახალგაზრდა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. გიორგის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს რუსთავის სამხატვრო სკოლის დაარსება. დიდი ბრძოლა დასჭირდა მაშინდელ მთავრობასთან, რომ დაერწმუნებინა ასეთი სკოლის არსებობაზე. ამ სკოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს რუსთავს ასზე მეტი მხატვარი ჰყავს და მათ შორის არიან დამსახურებული მხატვრები, მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკეები, ფერმწერები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები.

გიორგი ჩალაძის შემოქმედება ასახულია მრავალ გამოცემაში, კატალოგებსა, წიგნებსა და ჟურნალებში. მათ შორის ერთ-ერთია გერმანიაში გამოცემული ენციკლეპოდია „ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი“ — სადაც საქართველოდან შესულია მხოლოდ ოთხი მხატვარი, კატალოგის №15 ტომში ფიგურირებს გიორგი ჩალაძის შესახებ მონაცემები.

გიორგი ჩალაძემ მწერლობაშიაც მოსინჯა თავისი შესაძლებლობები და გამოსცა ოთხი წიგნი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ ამაღლდა მისი ნიჭის დაფასება საზოგადოებაში.

იგი არის ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მრავალი დიპლომისა და სიგელის მფლობელი. მის მიერ შესრულებული ქანდაკებები დგას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და აგრეთვე რუსეთსა და უკრაინის ტერიტორიაზე.

პერსონალური გამოფენები: თბილისი — ხელოვნების მუზეუმი, თბილისი თ.ს.უ., მხატვრის სახლი, გალერეაში „ქარვასლა“ , ქ. ამბროლაური, შვედეთი, საბერძნეთი, გერმანია და სხვა.

მისი ნამუშევრები ინახება სამხატვრო ფონდის საცავში, მუზეუმსა და მრავალ კერძო კოლექციაში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ჩალაძის შემოქმედება: ვაჟა-ფშაველას ბიუსტი ქ. რუსთავში.
თამარ მეფე. გიორგი ჩალაძის ნამუშევარი

გიორგი ჩალაძე ცნობილია როგორც მოქანდაკე. ფერწერაში მუშაობა დაიწყო მოგვიანებით. ალბათ ამან განაპირობა, რომ მისი ფერწერა სრულიად განსხვავებული ხელწერის და სტილისაა. სპეციალისტების აზრით, ნამუშევრები ქანდაკებისა და ფერწერის ურთიერთშერწყმაა და მთლიანობაში წარმოადგენს ფორმის, მოცულობის და ფერის სინთეზს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიპორჭი (2001)
  • გზა ხელოვნების მწვერვალებისაკენ (2005)
  • ანარეკლი წარსულიდან (2012)
  • გასაუბრება რაჭველებთან (2016)

მოღვაწეობა საბერძნეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფიერი გამოდგა მისი მოღვაწეობა საბერძნეთში. იქ შეიქმნა მრავალი დიდი ზომის პანოები: არგონავტების, ალექსანდრე მაკედონელისა და სხვა მრავალ თემაზე. აგრეთვე გააფორმა სპექტაკლი თეატრში, რამაც ქ. სალონიკში აღიარება მოუტანა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქ. რუსთავის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი (ხელოვნებაში მიღწევებისთვის), გოგებაშვილის მედალოსანი (პედაგოგიური მიღწევებისთვის), საქართველო — უკრაინის მეგობრობის მედალი (შევჩენკოს პორტრეტისთვის)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი ჩალაძე [კატალოგი], თვითმართველი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, 2016 წ.
  • გზა ხელოვნების მწვერვალებისაკენ, გიორგი ჩალაძე, რუსთავი 2005 წ.
  • Allgemeines Künstlerlexikon, Band 15, Seite 543.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]