გიორგი ყიფიანი
| გიორგი ყიფიანი | |
|---|---|
![]() გიორგი (ტუხია) ყიფიანი | |
| დაბადების თარიღი |
1908 ქუთაისი |
| გარდაცვალების თარიღი | 1986 |
| დაკრძალულია | ლევილის სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საფრანგეთი |
| საქმიანობა | პოეტი, გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე. |
გიორგი (ტუხია) ყიფიანი (დ. 1908, ქუთაისი — გ. 1986, პარიზი) — ქართველი პოეტი, გამომცემელი,[1] საზოგადო მოღვაწე, ემიგრანტი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ყიფიანი დაიბადა 1908 წელს ქუთაისში, ვაჭრის ოჯახში. მის გარდა მშობლებს ორი უფროსი ქალიშვილი და ერთი უმცროსი ვაჟი ჰყავდათ. მამა ადრე გარდაეცვალა, თუმცა დედამ ყველაფერი გააკეთა შვილისთვის კარგი განათლების მისაცემად. 1918–1920 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ მე–7 დაწყებით სასწავლებელში. მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1920 წელს, სწავლა განაგრძო ვაჟთა პირველ გიმნაზიაში (ყოფილი კლასიკური გიმნაზია).[2]
ეროვნული მოძრაობა და ემიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწერლობისადმი ინტერესი გიორგი ყიფიანმა მოწაფეობის წლებშივე გამოავლინა. იგი ადრეული ასაკიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. 1924 წელს იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო.[3]
მოღვაწეობა პარიზში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარიზში ჩასული ახალგაზრდა პოეტი დაუახლოვდა ცნობილ ქართველ ემიგრანტ ლიტერატორებს: ვიქტორ ნოზაძეს, ედუარდ პაპავასა და ისიდორე მანწკავას. ისინი ამ პერიოდში საფრანგეთის დედაქალაქში გამოსცემდნენ ჟურნალებს „კავკასიონსა“ და „ორნატს“. მათი დახმარებით, 1930 წლიდან გიორგი ყიფიანის პირველი ლექსები იბეჭდებოდა „კავკასიონსა“ და სხვა ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებში.
გიორგი ყიფიანი იყო „ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების“ აქტიური წევრი, ხოლო 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე — მისი თავმჯდომარე.
მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ვიქტორ ნოზაძესთან. მისი გარდაცვალების (1975 წ.) შემდეგ, გიორგი ნოზაძესა და მიხეილ ქავთარაძესთან ერთად, თავისი ფაქტობრივი რედაქტორობით გააგრძელა ჟურნალ „კავკასიონის“ გამოცემა. 1976–1986 წლებში პარიზში გამოიცა ჟურნალის მე-18, მე-19 და მე-20 ნომრები, ხოლო უკანასკნელი, 21-ე ნომერი, გიორგი ყიფიანის დაკრძალვის დღეს გამოვიდა სტამბიდან.[4]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ყიფიანი ადრე დაოჯახდა. მისი პირველი მეუღლე ფრანგი ქალი იყო, რომელთანაც შეეძინა ვაჟი — გივი ყიფიანი. ისინი მალევე დაშორდნენ, თუმცა შვილი მამამ დაიტოვა აღსაზრდელად. მეორედ გიორგი ყიფიანმა იქორწინა ირინე დიმიტრის ასულ დათიაშვილზე, რომელთანაც პოეზიის სიყვარული აკავშირებდა. გიორგი ყიფიანის რძალი იყო თინა ელისეს ასული პატარიძე. გივისა და თინას სამი შვილი ჰყავდათ — ნათელა, თამაზი და გიორგი ყიფიანები.[2]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ყიფიანი გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართული სასაფლაო. მის საფლავს ამშვენებს მარმარილოს ძეგლი, რომელზეც ამოტვიფრულია ეტრატის გრაგნილი კალმით და ფრანგული წარწერა: “Le Poète” (პოეტი).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1935 — ლექსების პირველი წიგნი (გამომცემელი: დავით ხელაძე, პარიზი).
- 1951 — „რჩეული შაირების კრებული“ (გამომცემელი: დავით ხელაძე, პარიზი).
- 1965 — „ლექსები, 1930–1965“ (გამომცემელი: ვიქტორ ნოზაძე).
- 1973 — „პოეზიის და სიცოცხლის ვაზი, 1965–1973“ (გამომცემელი: ვიქტორ ნოზაძე).
- 1975 — “Un Poète géorgien à Paris” (ერთი ქართველი პოეტი პარიზში), ფრანგულ ენაზე. თარგმანები შეასრულეს ირინე ყიფიანმა, ასმათ ფაღავამ და ლევან ზურაბიშვილმა.
- 1979 — „საზიარო პოეზია“, ირინე და გიორგი ყიფიანების ერთობლივი კრებული. წიგნი ეძღვნება ვიქტორ ნოზაძის ხსოვნას. (ყდა შეასრულა გუჯი ამაშუკელმა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შარაძე, გურამ, გიორგი ყიფიანი // უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 1, თბილისი, 1991. — გვ. 280–304.
- ნიკოლეიშვილი, ავთანდილ, გიორგი ყიფიანი // ქართული ემიგრანტული მწერლობა : [ლექციების კურსი], ქუთაისი, 2006. — გვ. 529–546.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიტერატურული ინსტიტუტი, ქართული ემიგრანტული მწერლობა
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართველები უცხოეთში
- ქართველთა საფლავები geonecropol.ge/
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გიორგი ყიფიანი. ფსევდონიმების ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
- ↑ 2.0 2.1 გიორგი ყიფიანი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
- ↑ ფაქტი 64884: 1924 წელს გიორგი ყიფიანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი (2017). ციტირების თარიღი: 2025-09-24.
- ↑ ქართული ემიგრანტული მწერლობა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
