გიგლა ფირცხალავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ფირცხალავა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (გიგლა) იასონის ძე ფირცხალავა (დ. 15 სექტემბერი, 1922, ფოთი ― გ. 4 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950), იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. 1941-1942 წლებში ფირცხალავამ პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ "ნიანგში", აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში "კომუნისტი" და "ლახვარი". 1950-1966 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1967-იდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952-იდან თანამშრომლობდა ჟურნალ "კროკოდილში".

ფირცხალავას ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალპროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა ("ყვავილების მოყვარული", 1960; "ბულდოგის შექმნა", "არც ახლა იყიდი იატაკსაწმენდს?!", ორივე 1961; "გაიცანით, ჩემი მეორე ნახევარი", 1954 და სხვა).

ფირცხალავა ავტორია საინტერესო სკულპტურული პორტრეტებისა ("მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი", ბრინჯაო, 1953; "მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი", ბრინჯაო, 1956; "სტუდენტი გოგონას პოტრტრეტი", ბრინჯაო, 1961), ფერწერული ტილოებისა ("სოხუმი", 1945, "ჩაქვი, ჩაის პლანტაცია", 1945; ა. სალუქვაძის პორტრეტი, 1973 ყველა - მხატვრის კუთვნილება).

გიორგი ფირცხალავას კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]