გიორგი უშვერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი ანდრიას ძე უშვერიძე (დ. 6 ოქტომბერი, 1922) — ქართველი ექიმი და კურორტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984). სკკპ წევრი 1947 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1945 წლებში იყო კურორტ აბასთუმნის ექიმი-ფტიზიატრი, 1945-1952 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ორდინატორი, ასისტენტი, 1952-1968 წლებში საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, 1968 წლიდან საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1952 წელს თემაზე: „ნახშირწყლების ცვლა ტუბერკულოზის დროს აბასთუმნის მთის ჰავის პირობებში“. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემაზე: „საშუალო სიმაღლის მთის ჰავის თერაპიული მოქმედების მექანიზმები“. გიორგი უშვერიძე ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა შინაგანი დაავადებების კლიმატური ფაქტორებით მკურნალობის პრობლემებზე. გიორგი უშვერიძე შეისწავლიდა მთის კლიმატოფიზიოლოგიურ და კლიმატოთერაპიის აქტუალურ პრობლემებს, შეიმუშავა ამინდისა და კლიმატის სამედიცინო კლასიფიკაციები, შეისწავლა კარსტული მღვიმეების მიკროკლიმატის სამკურნალო თვისებები და სხვა. 1979 წლიდან საქართველოს კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. 1986 წელს დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით, ხოლო 1998 წელს ღირსების ორდენით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1993).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 195, თბ., 1986 წელი.
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თბ., გვ. 269, წ. 2000.