გიორგი ტარსაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ტარსაიძე

გიორგი (გიგო) ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (დ. 8 ივლისი [ძვ. სტ. 24 ივნისი] 1857, სოფ. ბერშუეთი, გორის მაზრა — გ. 24 დეკემბერი, 1904, თბილისი) — ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი (პირველი ქართველი ევროპულად დიპლომირებული), კავკასიის ექიმთა საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფლავის ქვა

1879 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ერთხანს მუშაობდა რაჭაში. 1881 წელს დაბრუნდა ხარკოვში, წარჩინებით დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი. 1882-88 წლებში, იქვე ორდინატორად მუშაობდა თვალის ქირურგ პროფესორ ლეონარდ ჰირშმანთან. 1888 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისის "1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალოში". გიორგი ტარსაიძე იყო პირველი ქართველი ექიმი რომლის ძირითადი პროფესია ოფთალმოლოგობა იყო. 1892 წელს გიორგი ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფო (რუსეთის იმპერიის მასშტაბით რიგით მესამე, მოსკოვისა და პეტერბურგის კლინიკების შემდეგ), რომლის დირექტორიც თავად იყო გარდაცვალებამდე. ამ საავადმყოფოს ბაზაზე, თბილისის, ქართული უნვერისტეტის გახსნის შემდეგ ჩამოყალიბდა თვალის სნეულებათა კლინიკა. გიორგი ტარსაიძის სახელს ატარებდა თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო (ამ საავადმყოფოს ბაზაზე არის შექმნილი ამჟამად მოქმედი მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“). გ. ტარსაიძე იყო ერუდირებული ექიმი და დახელოვნებული ოპერატორი, რომელიც ზედმიწევნით ფლობდა ოფთალმოლოგიური კვლევების მეთოდებს. იგი დამსახურებული პოპულარობით სარგებლობდა მთელს კავკასიაში. მისმა პროფესიონალიზმა საწინდარი ჩაუყარა ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის შემდგომი თაობების სიძლიერეს. ტარსაიძის მოსწავლეები იყვნენ, შემდგომში ცნობილი ოფთალმოლოგები: ვახტანგ მუსხელიშვილი, ალექსანდრე შატილოვი, კ.თოფურიძე. ტარსაიძის უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ე. წ. "თვალის მფრინავი რაზმები".

გიორგი ტარსაიძე არის ევროპული ტიპის ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ფუძემდებელი. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. დასაფლავებულია ვერის სასაფლაოზე. მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია შემდეგი წარწერა:

შეიყვარე მოყვასი შენი!

ეს იყო ქვეყნად ქრისტეს მოძღვრება

და ამანაც ეს შეისისხლხორცა

ვით წმინდა მცნება და ნეტარება.

უყვარდა მოძმე განურჩეველად

გვარ-ტომობისა ეჭირა თვალი

ხორციელად თვალის ექიმი

სულიერადაც იყო მკურნალი...

—აკაკი

„ნიუ ჰოსპიტალსის“ „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 2018 წლის 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის — გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა[1].

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Трахома по данным Тифлисской глазной лечебницы, 1/I 1893 г. по 1/I 1901 г. Труды 2-го съезда кавказских врачей, т.1 Тфл., 1902.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]