გიორგი სიხარულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი სიხარულიძე (დ. 5 ივნისი, 1938, ოზურგეთი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1961-1969 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ინჟმშენის“ №1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად. 1969-1975 წლებში მუშაობდა ქალაქი თბილისის ოქტომბრის (ჩუღურეთის) სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების მთავარ ინჟინრად. 1971 წლიდან გადაყვანილ იქნა ამავე რაიონის საბინაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი საბინაო სამმართველოს უფროსად. 1975-1985 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და დაპროექტების განყოფილების უფროსის მოადგილედ. შემდეგ იყო ამავე სამმართველოს საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი. 1977 წლიდან მუშაობდა ამავე სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „საქკონსერმრეწვის“ კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად. 1986-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის მთავარი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ასევე ამავე სამმართველოს მშენებლობისა და „მშენინდუსტრიის“ საწარმოო განყოფილების უფროსი. 1988 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „საქაგრომრეწვის“ მშენებარე საწარმოთა გაერთიანებულ დირექციაში საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 1997 წლამდე. 1998-2012 წლებში მუშაობდა ს.ს. „გლობალ ერთში“ სამეურნეო სამსახურის სპეციალისტად. იყო ქალაქი თბილისის ოქტომბრის სახელობის რაიონული საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს კვების მრეწველობისა და აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 231-232

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]